მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-კვირიანი ვადა ოფთალმოლოგებს - რა ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს ჯანდაცვის სამინისტრო

5e5109c4562d5
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.20 15:10
2791
20 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროში ოფთალმოლოგიის წარმომადგენლები მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას შეხვდნენ. ამის შესახებ BM.GE-ის ოფთალმოლოგიური კლინიკა „ახალი მზერის“ გენერალურმა დირექტორმა მერაბ დვალმა განუცხადა.

ოფთალმოლოგმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც შეხვედრისას განიხილეს და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის უწყებამ მათგან ოფთალმოლოგიაში სხვადასხვა ოპერაციების და მათი განფასებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 1-კვირიანი პერიოდი მისცა.

„20 იანვარს, ხუთშაბათს სამინისტროში გამართულ შეხვედრას 10 ოფთალმოლოგი ვესწრებოდით და მოგვცეს სტანდარტების შესაქმნელად დრო - ერთი კვირა. ანუ ჩვენ უნდა წარვუდგინოთ რა გვჭირდება ამა თუ იმ ოპერაციისთვის; მაგალითად, გლაუკომის ოპერაციისთვის რა არის საჭირო. ჩვენ დავიყავით ნოზოლოგიების მიხედვით და გვითხრეს, რომ ერთ კვირაში მოიტანეთ პასუხიო; ჯგუფივით შექმნეს იმისთვის, რომ შემდეგში გაგრძელდეს შეხვედრები და ვიმსჯელოთ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. მიზეზი ის არის, რომ პაციენტებს გაუწიონ რეალური დახმარება, რომ არც ზედმეტი დაიხარჯოს და არც დააკლდეს, რამდენიც არის ამ დაავადების სამკურნალოდ ის ფასი დაიდოს, რეალური ფასები.

მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ბრძანდებოდა და გვითხრა, რომ გვინდა გავიგოთ თქვენი მოსაზრება რეალურად ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ რა თანხებია საჭირო, ხოდა ამას ვამზადებთ. მერე სამინისტრო ან მიიღებს ან არ მიიღებს, ან დაგვიმატებს ან მოგვაკლებს რაღაცას; არ ვიცით რა მოხდება, როგორი რეაგირება იქნება“, - ამბობს მერაბ დვალი.

BM.GE-ის კითხვაზე გააცნო თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ სექტორის წარმომადგენლებს თავისი გეგმა ოფთალმოლოგიაში 520-ე დადგენილების მსგავსი გადაწყვეტილების ამოქმედების შესახებ, ოფთალმოლოგმა მერაბ დვალმა განაცხადა:

„არა; პირიქით, გვითხრეს, რომ პირველი შეხვედრა ეს არისო, მოგვცეს დოკუმენტაცია, რაც აქამდე კეთდებოდა და თქვენგან ველოდებით პასუხს, რამდენად სწორად კეთდებოდა მანიპულაციები თუ ოპერაციები ოფთალმოლოგიაშიო. შეასწორეთ, მოიტანეთ და ვიმსჯელოთ იმ შესწორებულზეო. არავის უთქვამს, რომ ჩვენ ამას ბრძანებით გავაკეთებთო, იმ შეხვედრაზე ყოველი შემთხვევისთვის მომავალში ვინ რას აპირებს ამას ვერ გეტყვით".

ცნობისთვის: როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ის განუცხადა, 2 კვირაში ახალი ტარიფიკაცია ოფთალმოლოგიასაც შეეხება.

სამინისტროში ოფთალმოლოგებთან გამართული შეხვედრის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად, bm.ge უწყების პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ მეტი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები