მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი: აშშ-ში $6, რუსეთში - $2.7

ღვინო

ქართული ღვინის საექსპორტო ფასები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაბალია, ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში კი შედარებით მაღალი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ალკოჰოლური სასმელების სექტორს მიმოიხილავს.

აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ღვინის ექსპორტში მზარდია და შეადგენს დაახლოებით 80%-ს, მაშინ როცა საშუალო ფასი სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალია - ერთი ლიტრის საექსპორტო ფასი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 2.5-დან 3.1 დოლარამდე მერყეობს.

კვლევის თანახმად, 2024 წელს საშუალოდ ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი საქართველოდან აშშ-ში ყველაზე მაღალი იყო და 6 დოლარს შეადგენდა, რაც 2-ჯერ და მეტად აღემატება ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარზე - რუსეთში გატანილი პროდუქტის ფასს. გასულ წელს რუსეთში 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 2.7 დოლარი იყო, რითაც მცირედით აღემატებოდა პოლონეთს, სადაც ღვინო ყველაზე იაფად - 2.5 დოლარად გადის.

იმ ქვეყნებს შორის კი სადაც საექსპორტო ფასები ყველაზე მაღალი, პირველ ადგილზე მყოფ აშშ-ს გერმანია ($4.6) და ლატვია ($3.7) მოსდევს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს საშუალო საექსპორტო ფასი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტულია და გასული წლის მონაცემებით, ლიტრზე საშუალოდ 2.9 დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობაც და ღირებულებაც ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ექსპორტმა 276 მლნ დოლარი (126 მლნ ბოთლი) შეადგინა, საიდანაც 66% რუსეთში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები