მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1 მილიარდის ბიტკოინები და სამი სისხლის სამართლის საქმე — რა ედება ბრალად გიორგი ბაჩიაშვილს

ბაჩიაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია. ამ დროისთვის მისი აყვანის ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა სუს-ის განცხადებით მათთვის ანონომური შეტყობინების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილი "გადაადგილდებოდა წითელ ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ", სადაც მისი დაკავება და საქართველოში გადმოყვანა მოხდა. ბაჩიაშვილი ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაშია და მას უახლოეს მომავალში მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი შეხვდება, რომლის განცხადებითაც ბაჩიაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშაა. ბაჩიაშვილისა და ადვოკატის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდება როგორ მოხდა მისი დაკავება და რა ვითარებაში აღმოჩნდა ბაჩიაშვილი საქართველოს საზღვრის მიმდებარედ.

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლისსამართლებრივი საქმე მიმდინარეობს, მათ შორის პირველ საქმეზე, რომელიც ივანიშვილის ბანკისგან 2015 წელს კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის აღებულ სესხს შეეხება, ბაჩიაშვილს უკვე მისჯილი აქვს 11-წლიანი პატიმრობა. ეს საქმე 2023 წელს ბიძინა ივანიშვილის სარჩელით დაიწყო, რომელიც დავობდა, რომ "ქართუ ბანკის" მიერ მიცემული სესხი სინამდვილეში არა სესხს, არამედ ბიძინა ივანიშვილის როგორც ინვესტორის შენატანს წარმოადგენდა. საქმის მასალების თანახმად, ამ კრედიტის გარანტირება ბანკში ივანიშვილის დეპოზიტით მოხდა. იმის მიუხედავად რომ ბაჩიაშვილმა საკრედიტო ვალდებულება პირნათლად გაისტუმრა, მას ივანიშვილისთვის ამ ინვესტიციით მიღებული შემოსავლის გადაცემა არ მოუხდენია. ივანიშვილი ამ საქმეში 9000 ბიტკოინზე დავობდა, რაც ბაჩიაშვილმა ბანკისგან მიღებული სესხით გამოიმუშავა. ეს ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა საქართველოში როდესაც ბანკის ბენეფიციარი მფლობელი დავობდა იმ შემოსავალზე რაც ინვესტორმა მიიღო იმ ბიზნესპროექტიდან რომელიც ბანკმა დააფინანსა, მაშინ როდესაც ამ პროექტით გათვალისწინებული საბანკო ვალდებულების სრულიად დაფარვა მოხდა. მეტიც, ამ საქმემდე არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობდა მსგავს საქმეებს. იმის დასამტკიცებლად, რომ "ქართუ ბანკის" სესხი მართლაც კრედიტი იყო და არა ივანიშვილის როგორც ინვესტორის შენატანი, ბაჩიაშვილმა სასამართლოზე მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის 2015 წლის 10-წუთიანი სატელეფონო ჩანაწერი წარადგინა, თუმცა ქართულმა ექსპერტიზამ ამ საუბარში ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო.

ამასთან, ამ საქმეში ჩაერთო ეროვნული ბანკიც, რომელმაც "ქართუ ბანკს" რომელმაც ივანიშვილის დავალებით გასცა სესხი ინტერესთა კონფლიქტის ნორმების დარღვევისთვის 200,000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამ საქმეში ბრალდების მხარის მოწმედ წარდგა.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს დატოვა, მომხდარიდან მალევე საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11-წლიანი პატიმრობა. ამასთან, მის წინააღმდეგ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეც აღიძრა. ამასთან, პროკურატურამ ბაჩიაშვილის დაკავება ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც მოითხოვა, თუმცა ამ სიაში მისი ჩასმა არ მომხდარა.

კიდევ ერთი საქმე, რომელსაც ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავება უკავშირდება "მტკვარი ჰესის" პროექტს. ივანიშვილი დავობდა, რომ ჰესის პროექტის 100 მილიონი დოლარით გაძვირება გიორგი ბაჩიაშვილის როგორც თანაინვესტირების ფონდის მენეჯერის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა, მაშინ როდესაც აღნიშნული განპირობებული იყო იმით რომ 2017 წელს ჰესის მშენებლობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტის, 9.6-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანისას გვირაბის სათხრელი მანქანა TBM გაიჭედა, მაშინ როდესაც 7.3 კმ უკვე გაყვანილი იყო. მომხდარის გამო პროექტის სადერივაციო გვირაბის პროექტის შეცვლა გახდა საჭირო, რასაც დამატებითი საინჟინჟინრო საპროექტო და სანებართვო სამუშაოები დასჭირდა. განახლებულ პროექტზე შესაბამისი ნებართვა სახელმწიფომ მხოლოდ 2019 წლის ივნისში გასცა, შემდეგ კი მშენებლობა კოვიდ პანდემიის გამო შეფერხდა, რასაც სამშენებლო მასალების მაღალი ინფლაციაც დაერთო, რასაც საბოლოოდ პროექტის ღირებულების 236 მილიონ დოლარამდე მატება მოჰყვა. შესაბამისად, დავა სწორედ პროექტის გაძვირებას შეეხება და მასში ივანიშვილი მოითხოვს ბაჩიაშვილის პატიმრობას იმის გამო, რომ მან როგორც მენეჯერმა არ გაითვალისწინა პროექტთან ასოცირებული შესაძლო საინჟინრო რისკები, რაც წარდგენილი იყო პროექტის შეფასების დოკუმენტში მაშინ როდესაც ფონდმა ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. ბრალდება ამ საქმეზე ბაჩიაშვილისთვის სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, თუმცა ბაჩიაშვილს უკვე შეფარდებული აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ქართუ ბანკის კრედიტის (კრიპტოვალუტის) საქმეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები