მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1 მილიონის ინვესტირებით Ska Juice Bar-მა ოთხი ახალი ფილიალი გახსნა

63c68d8beb115
თინათინ ნატმელაძე
21.01.23 16:40
2409
წვენების ბარი Ska გასულ წელს აჯამებს. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ტალახაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, 2022 წელს კომპანიამ ოთხი ახალი ფილიალი გახსნა და გაზარდა პროდუქციის რაოდენობა, ამის პარალელურად კი, მომხმარებლების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა.

„ერთი ფილიალი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე გავხსენით, სამი კი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ბელიაშვილზე და ვაჟა-ფშაველას ძეგლთან.

ძალიან კარგი წელი იყო, ზაფხულიც კი, რომელიც ყოველწლიურად ვარდება, ზრდით დავასრულეთ. იმ საშინელი მოვლენების გამო, რაც უკრაინაში ვითარდება, ქვეყანაში რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტების რაოდენობამ მოიმატა. ამ ფაქტორმაც ჩვენი მომხარებლების 30-40%-იანი ზრდა გამოიწვია.

მომგებიანი წელი იმანაც განაპირობა, რომ პროდუქციის ასორტიმენტი საგრძნობლად გავზარდეთ, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ჯანსაღი კვების პროდუქტებია და ადრე თუ მაცივარში 3-4 პროდუქტი გვქონდა, ახლა 40-50 გვაქვს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან აქტიურად ვპოზიციონირებთ "გლოვოსა" და "ვოლტზე", ქართულ ბრენდებს შორის მოწინავე ვართ, ჩვენი პროდუქტი გამოძახებისთვის ძალიან ხელსაყრელია, ამიტომ ყოველ დღე "გლოვოდან" და "ვოლტიდან" 1 000-მდე შეკვეთას ვიღებთ", - აცხადებს გიორგი ტალახაძე.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, კომპანიის დირექტორი გვიყვება, რომ უახლოეს მომავალში Ska კიდევ ოთხ ახალ ფილიალს გახსნის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესვლაზეც აქტიურად იმუშავებს.

„მაისში ბათუმში კიდევ ერთ ფილიალს ვხსნით, ახალ სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში, ასევე წლის ბოლომდე სამ ახალ ფილიალს თბილისშიც დავამატებთ, ისანი-სამგორის რაიონში არ ვართ წარმოდგენილი და აქ ვგეგმავთ შესვლას.

აქტიურად ვმუშაობთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესვლაზეც, ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი არის სტამბოლი, რომელიც ძალიან დიდი ბაზარია და მსგავსი ჯანსაღი კვების ქსელი არ არსებობს. 2022 წლის დასაწყისში უკრაინის ბაზარზე შესვლაზეც ვმუშაობდით, თუმცა, შემდეგ, სამწუხაროდ, ომი დაიწყო და პროცესი შეჩერდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2025 წლისთვის კიევსა და სტამბოლში თითო ობიექტით, მეტით თუ არა, ვიქნებით წარმოდგენილი.“ - განმარტავს Ska Juice Bar-ის დირექტორი.

2022 წელს კომპანიამ ახალი ფილიალების გასახსნელად 1$ მილიონის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და ის ამჟამად 300-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები