მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 მლნ ან 750,000 ლარი - რაზეა დამოკიდებული „FDI გრანტის“ მოცულობა?

5fb7d6b154dff
თელარა გელანტია
21.11.20 11:51
1259
19 ნოემბერს მთავრობამ უხოური ინვესტიციების მოსაზიდად ახალი სახელმწიფო პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ ე.წ. “FDI გრანტი“ დაამტკიცა. ცნობილია, რომ პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. „აღნიშნული მექანიზმი მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ”, - აცხადებენ სააგენტოში.

მართალია, ახალი პროგრამის შესახებ მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებად განისაზღვრა:

- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება;
- მანქანების და მოწყობილობების (მანქანა-დანადგარები) ასევე მათი ნაწილების წარმოება;
- ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების/პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას/აუთსორსინგს;
- დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება (MRO).
ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად.

როგორც bm.ge-ის სააგენტოში - „აწარმოე საქართვლოში“ განუმარტეს გრანტის ოდენობა და საინვესტიციო ვალდებულებები დამოკიდებულია იმ უკვე განსაზღვრულ დარგებზე, სადაც უცხოელი ინვესტორი ფულს დებს. კერძოდ:

წარმოება და სხვა მიმართულებები - გრანტის მოცულობა 1,000,000 ლარი

- ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი,
- შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 150 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).

BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) - გრანტის მოცულობა 750,000 ლარი

- ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი,
- შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 200 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).

პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას.

სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვე შეადგენს.

ახალი სახელმწიფო პროგრამის დაწყების ზუსტი თარიღი და ბიუჯეტი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გაჟღერებულა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები