მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-წლიანი პაუზის შემდეგ, „იმერი“ Lebek-ისა და M&S-ისთვის ტანსაცმლის შეკერვას იწყებს

60673d193776f
ინგა მურუსიძე
02.04.21 20:00
979
ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერი“, რომელიც 500-მდე ადამიანს ასაქმებს, პანდემიამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, მაგრამ როგორც bm.ge-ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი უყვება, 5 აპრილიდან მუშაობას განაახლებენ და გერმანული „ლებეკის“ გარდა, ტანსაცმელს Marks & Spencer-ისთვის შეკერავენ. საქმე ისაა, რომ "იმერი" 1997 წლიდან თანამშრომლობს „ლებეკთან“ (Lebek) და ამ დრომდე მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად ითვლება.

მაია სიმონიძის თქმით, შეკვეთები უკვე მიიღეს და საკმაოდ იმედიანად არიან განწყობილნი, რომ არსებულ კრიზისს გადალახავენ.

„ლოქდაუნების და პანდემიის პირობებში ტანსაცმელზე ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორც - საკვებზე. 2021 წლის დასაწყისში 2 თვე გვქონდა შეფერხება - ხან ვმუშაობდით, ხან - ვერა, თუმცა ახლა უკვე, 5 აპრილიდან ვიწყებთ ტრადიციულად, გერმანულ „ლებეკთან“ ერთად მუშაობას და შეკვეთები გვაქვს Marks & Spencer-ისგანაც. ჩვენი პარტნიორი, გერმანული „ლებეკი“ საქართველოს გარდა უკრაინის რამდენიმე ფაბრიკასთანაც თანამშრომლობდა, თუმცა როგორც ვიცი, მუშაობა ყველასთან შეწყვიტა და დარჩა მხოლოდ ჩვენთან და აზიის ქვეყნებში, რადგან შეკვეთები შეუმცირდათ“, - განმარტა მან.

მაია სიმონიძე საერთაშორისო ბრენდებისგან მიღებული შეკვეთის მოცულობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აცხადებს, რომ "მოთხოვნა იგივეა, რაც გასულ წელს იყო და „იმერს“ აგვისტომდე საქმე ექნება".

აღსანიშნავია, რომ კომპანიას მოლაპარაკებები ჰქონდა „მონკლერთანაც“ და როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, საუბარი ახლაც გრძელდება, თუმცა  შემცირებული მოთხოვნიდან  გამომდინარე, ამ ეტაპზე საერთაშორისო ბრენდს ქართული საწარმოსთვის შეკვეთა არ მიუცია.

რაც შეეხება პანდემიის გავლენას დასაქმებულთა რაოდენობაზე, მაია სიმონიძის თქმით, „იმერი“ 500-მდე თანამშრომელს ასაქმებდა პანდემიამდეც და მათი შენარჩუნება სრულად შეძლეს.

"2020 წლის განმავლობაში ძალიან ვწვალობდით, თავის გატანაზე ვიყავით, ვკერავდით ყველაფერს, რისი შეკვეთაც გვქონდა, რათა გადავრჩენილიყავით და თანაშრომლები შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვიცავთ covid-წესებს, თუმცა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ჩვენთანაც იყო და  ერთი მკერავი გარდაგვეცვალა; ძალიან შეშინებულები ვიყავით, მაგრამ ახლა მაინც იმედიანად ვართ და მოვუწოდებთ ყველას ვაქცინაციისკენ“, - აცხადებს მაია სიმონიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები