მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10%-იანი დატვირთვით სასტუმრო თავს ვერ შეინახავს“ – „ვილა მთაში"

5f6b25750f4ed
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 10:10
1827
„10%-იანი დატვირთვით სასტუმრო თავს ვერ შეინახავს“ - ამის შესახებ BM.GE-ის ბაკურიანში მოქმედი სასტუმროს „ვილა მთაშის“ დირექტორმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე ტურისტული განთავსების ობიექტის დატვირთვა 80%-ით შემცირდა, ხოლო ზამთარში 10%-იანი დატვირთვის მოლოდინი აქვთ.

„ვილა მთაშის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სასტუმრო ამოქმედებიდან უცხოელ ტურისტებზე იყო ორიენტირებული და ადგილობრივი ტურისტები ამ დანაკლის ვერ აბალანსებენ. მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ბაკურიანში ზოგადად არსებობს.

„ვილა მთაში“ 99%-ით უცხოელებზე მუშაობს, შესაბამისად ადგილობრივი ტურიზმი ამ დანაკლისს ვერ აბალანსებს. ამასთან ფასები თითქმის 70%-ით შევამცირეთ, რადგან ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების გადახდისუნარიანობა განსხვავებულია. მიუხედავად ამისა ადგილობრივების მხრიდან მოთხოვნა მაინც არ იყო მაღალი.

ადგილობრივი ტურიზმის მიმართ პესიმისტური მოლოდინები გვაქვს, რადგან თავიდანვე უცხოურ ბაზრებზე მოგვიწია ორიენტაციის აღება. ამასთან გადამხდელუნარიანი ადგილობრივი დამსვენებელი, ვინც ბაკურიანში ისვენებდა, ყველამ ბაკურიანში აიშენა სახლი, რომლებიც თავადაც აქირავებენ ამ ფართებს. შესაბამისად, მათი სახით არამხოლოდ კლიენტი დავკარგეთ, არამედ ისინი ჩვენთან კონკურენციაში შემოვიდნენ. ჩვენ რომ დავიწყეთ ოპერირება Booking.com-ზე ვიყავით სულ 68 ობიექტი, დღეს კი მხოლოდ ბაკურიანში განთავსების ობიექტების რაოდენობა 1 000-ს აღემატება, რაც ზრდის კონკურენციას“, - განაცხადა „ვილა მთაშის“ დირექტორმა.

დაბალი დატვირთვის მიუხედავად სასტუმროს მენეჯმენტმა ტურისტული ობიექტის განვითარების და კეთილმოწყობის გეგმა არ გადაავადა და მისი ნაწილის განხორციელება „თიბისი ბანკის“ დახმარებით გადაწყვიტა.

„თუ ტურისტი არ შემოვა, შემოსავალი არ გვექნება. მიუხედავად ამისა, ობიექტი, როდესაც მუშაობს განახლებას და ხელის შევლებას საჭიროებს, შესაბამისად ეს პერიოდი გადავწყვიტეთ შიდა ინფრასტრუქტურის განსავითარებლად გამოგვეყენებინა. პანდემიის გამო ჩვენი გეგმების გრაფიკს ჩამოვრჩით, თუმცა ეს მინიმალური ინფრასტრუქტურული პროექტები დავტოვეთ“, - განაცხადა ზაზა ზედგენიძემ.

მოლოდინებზე საუბრისას კი „ვილა მთაშის“ დირექტორი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საზღვრები არ გაიხსნება ზამთრის სეზონზე კოტეჯები 10%-იანი დატვირთვით იმუშავებენ.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს ისტერია გადაივლის და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. თუ ზამთარში იგივე მოცემულობით მოგვიწია ოპერირება, დატვირთვა ალბათ 10% იქნება, შესაბამისად კლება 90% გვექნება. 10%-იანი დატვირთვის შემოსავლით კი თავის შენახვას ვერ შევძლებთ, მოგვიწევს სუბსიდირება იმისთვის, რომ შევინაჩუნოთ, აქამდე შენარჩუნებული 6 თანამშრომელი. ჩვენი პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დასაქმებულები.

მიგვაჩნია, რომ აღდგენის პირველი ნიშნები დეკემბრიდან იქნება, სწორედ ამ დრომდე გვეყოფა საკუთარი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ კოტეჯებმა არ შეაჩეროს ფუნქციონირება. მერე რა იქნება არ ვიცით“, - განაცხადა „ვილა მთაშის“ დირექტორმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ვილა მთაში“ 11 ე.წ. „ლაქშერი“ ტიპის კოტეჯისგან შედგება, სადაც შესაძლებელია, როგორც მეგობრებთან ერთად აქტიური დასვენება და გართობა, ისე ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში დროის გატარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები