მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"10 კორუფციონერის დაჭერა ვერავითარ ინდექსებს ვერ გააუმჯობესებს" - სანდრო ბარამიძე

ბარამიძე

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებში მხილებისა და დაპატიმრების სერიას BMGTV-ის "ანალიტიკას" ეთერში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროექტის მენეჯერი, სანდრო ბარამიძე აფასებს. მისი თქმით, რეპრესიებითა და სადამსჯელო ღონისძიებებით "ოცნების" რღვევა დაიწყო.

"საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა კობახიძის მეშვეობით თავისი ყველაზე ძველი და ყველაზე ერთგული შემსრულებლების, მსახურების დასჯა გადაწყვიტა რატომღაც, შედარებით გვიან შეძენილი მსახურის ხელით. მოგეხსენებათ, რომ იგივე ღარიბაშვილი, გარდა იმისა, რომ ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ორჯერ ეკავა სამინისტროები, ხელმძღვანელი თანამდებობის პირი იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლამდე ის იყო ასევე მისი ფონდის ხელმძღვანელი და უახლოესი ადამიანი, რომელსაც ანდობდა თავის სახსრებს ივანიშვილი. და ახლა ასე სჯის კობახიძის მეშვეობით, რომელიც, მე მგონი, 2014 წელზე უფრო ადრე "ქართულ ოცნებაში" არც მოსულა, არ იყო ის კაცი, რომელმაც რამე როლი ითამაშა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ლილუაშვილი ასევე ძველი კადრია ივანიშვილის და ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო მის უახლოეს გარემოცვაში. ეს არის ფეხქვეშ ნასროლი ტყვია კიდევ ერთი და ამით რაღაცა ერთიანი, ვითომ და აქამდე მონოლითი გუნდისთვის, რაც უბრალოდ ივანიშვილმა, კობახიძის მეშვეობით რაღაცნაირად მოსპო, ყოველ შემთხვევაში, რღვევა დაიწყო", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანთა დაკავებები შიდაკლანობრივი ბრძოლაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს კორუფციასთან ბრძოლასა და ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებასთან, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებში.

"კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის, იმიტომ, რომ კორუფციის პირველი წყარო ამ ქვეყანაში თვითონ ივანიშვილია. ღარიბაშვილი ნამდვილად კორუფციონერია, ისევე როგორც ლილუაშვილი, მაგრამ დღესაც ხელისუფლებაში, ივანიშვილის გარემოცვაში არაერთი კორუფციონერია, რომელიც ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ივანიშვილის გარემოცვაში არსებობს. ეს მთლიანად კორუმპირებული ხელისუფლებაა, ეს რეჟიმი უბრალოდ დგას კორუფციაზე და კორუფცია მისი არსებობის განმაპირობებელი ფაქტორია. ეს არის შიდაკლანური დაპირისპირება - რატომღაც, ამ წუთში, კობახიძის ჯგუფის სასარგებლოდ და ღარიბაშვილის ჯგუფის საზიანოდ.

ერთი, ორი და თუნდაც 10 კორუფციონერის დაჭერა ვერავითარ ინდექსებს ვერ გააუმჯობესებს, იმიტომ, რომ მთავარი ინდექსი არის ის, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს დემოკრატია, სახელმწიფო არის ერთი ადამიანის მიერ მიტაცებული თავის ყველა შტოთი და ინსტიტუტით. დემოკრატიული ინსტიტუტები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები ისპობა. ყოველ შემთხვევაში, ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მიღებული კანონები; უფრო სწორად, დოკუმენტები, რომლებსაც კანონის ძალა კი აქვს, მაგრამ სინამდვილეში კანონი არ არის. ამ ყველაფრის ფონზე რამდენიმე კორუფციონერის დაჭერა ვერავითარ კორუფციის აღქმის ინდექსს ვერ გააუმჯობესებს", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები