მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„10-ლარიან პროდუქტზე 43%-იანი ფასნამატი გამოდის“ - „მზიურის“ დირექტორი ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე

ოლეინა

სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის“ დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" , პროდუქტზე ფასნამატის შემადგენელი კომპონენტები განმარტა. მისი თქმით, საბოლოო ფასის დიდ ნაწილს სავაჭრო ქსელების გადასახადები და საოპერაციო ხარჯები შეადგენს.

„2025 წლის მონაცემებით, ჩვენ საშუალოდ, 10-ლარიან პროდუქტზე 43%-იანი ფასნამატი გამოგვდის. აქედან 21% მიაქვს „რიბეითებს“ და „ქეშბექებს“ დაახლოებით 19% მიაქვს ჩვენს საოპერაციო ხარჯებს და სადღაც 3%-ის ფარგლებში რჩება მოგება“,- აღნიშნა ლაშა გოცირიძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჯამური ფასნამატის 22% უშუალოდ სადისტრიბუციო რგოლში (საოპერაციო ხარჯი და მოგება) რჩება, კომპანიის დირექტორი დაეთანხმა. მისივე განმარტებით, სავაჭრო ქსელების გადასახადების შემცირებამ შესაძლოა ბაზარზე ფასების კლება გამოიწვიოს.

„თუკი ფინანსური რესურსები გამოთავისუფლდება , ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაწევა, რაც კონკურენციის პირობებში გამოიწვეს ფასების შემცირებას. შეიძლება რომელიღაც სახეობის პროდუქციაზე ფასები არ შემცირდეს, მაგრამ სადაც მეტი ფულადი რესურსია ჩადებული და მეტი გამოთავისუფლება მოხდება, იქ ფასები შეიძლება შემცირდეს“,- განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების ტენდენციას. გოცირიძის განმარტებით, ბევრ პროდუქტზე ფასი საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.

“წლიდან წლამდე საიმპორტო ფასები იზრდება. მაგალითად, ზეთზე, რომელსაც ჩვენს პროდუქციაში ლომის წილი უკავია, ფაქტობრივად, საბირჟო ფასები მოქმედებს და ეს ფასები შეიძლება იცვლებოდეს ყოველდღიურად. თუ მეხსიერება არ მღალატობს, შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, დაახლოებით 50%-ით არის მსოფლიო საიმპორტო ფასი გაზრდილი ზეთზე. გარდა ზეთისა, მათ შორის ბავშვთა კვებაზეც გაიზარდა საიმპორტო ფასები, ყავა გაძვირდა. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს“,- განაცხადა „მზიურის“ დირექტორმა.

დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეოთხე სამუშაო სხდომა გაიმართა. ამჯერად დეპუტატებმა სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

მანამდე კომისიამ უკვე გამართა შეხვედრები კვერცხის, რძის, ხორცპროდუქტების, პურ-პროდუქტებისა და სხვადასხვა სასურსათო დარგის მწარმოებლებთან. კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს, რის შემდეგაც ფასების რეგულირებისა და შემცირების მექანიზმებზე დასკვნითი რეკომენდაციები უნდა მომზადდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები