არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ [IDFI] დირექტორის გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, არასამთავრობოების საბანკო ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზანი სამოქალაქო ორგანიზაციების გაჩერებაა.
IDFI იმ 7 ორგანიზაციას შორისაა, რომელთა საბანკო ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.
გიორგი კლდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმე მის დაპატიმრებამდეც მივიდეს. „ყველაფერი მოსალოდნელია. გამოძიება აბსურდის საფუძველზეა დაწყებული. მათ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება“, - აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, გამოკითხვისას პროკურორის კითხვები შეეხებოდა ორგანიზაციის საქმიანობას, დაფინანსების წყაროებს, ასევე, აინტერესებდათ 2024 წლის აპრილში 10 ცალი რესპირატორის, 5 ცალი სათვალის და 5 ცალი დროშის შესყიდვის მიზნობრიობა.
„ამაზე დაგვისვეს კითხვები... ამის საფუძველზე თუ საბოტაჟს ვაწყობდით, არ ვიცი... გვკითხეს, რაში გამოვიყენეთ, ვინმეს ხომ არ გადაგვეცით და ა.შ. წარმოიდგინეთ, 10 ცალი რესპირატორის, 5 ცალი სათვალის და 5 ცალი დროშის შესყიდვის საფუძველზე, რომელიც IDFI-ს აივანზეა გადმოფენილი, ორგანიზაცია გააჩერეს. ასეთი საფუძვლით ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მოედავები, რაზეც გინდა იმ თემაზე. ვიყიდე რესპირატორები იმისთვის, რომ მაშინ, დაახლოებით, 30 თანამშრომელი გვყავდა და ზოგიერთი ესწრებოდა აქციებს, ნაწილი აკვირდებოდა აქციებს და გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო - მხუთავ აირში უბრალოდ სუნთქვა შეუძლებელი იყო. ასევე, გამოკითხვაზე კითხვები დამისვეს იმის თაობაზეც, თანამშრომლებს ჯარიმების თანხა გადავუხადეთ თუ არა. დიახ, გადავუხადეთ, მაგრამ არა პროექტების ბიუჯეტიდან, არამედ IDFI-ს თავისი თანხა ჰქონდა და გადაუხადა. ერთი ჩვენი თანამშრომელი ისე იყო ნაცემი, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ცხადია, იმ ადამიანს ჩვენ ჯარიმის ფული გადავუხადეთ“, - განაცხადა IDFI-ის დირექტორმა და იქვე დასძინა, რომ გამოკითხვის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ე.წ. პირბადეების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ჩემთვის ბევრი კითხვა არსებობდა ამ საქმეში საერთოდ IDFI-ის დადანაშაულების საკითხზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ იყო პირდაპირ მიმართული პოლიტიკური მიზანი, რადგან ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან სუფთად და გამჭვირვალედ საქმიანობს. ჩემი გამოკითხვის შემდგომ სრულად დავრწმუნდი, ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რომ ორგანიზაცია გაჩერდეს, აღარ იარსებოს და ვერ შევძლოთ საქმიანობა, რაც ეხება ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს, კორუფციასთან ბრძოლას, ხელისუფლების ანგარშვალდებულების და გამჭვირვალობის შემოწმებას ა.შ. მმართველ პარტიას ჩვენი საფუძვლიანი კრიტიკა დისკომფორტს უქმნის“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
„ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ“ - ეს არის არასამთავრობოების პასუხი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე, რაც „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი კლდიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა.
მისი თქმით, მართალია, IDFI ჩვეულებრივ ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას, რადგან ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე თანხები გაყინულია, თუმცა ამბობს, რომ კვლევებს ისევ ჩაატარებენ.
„ინფრასტრუქტურულად ორგანიზაცია ვეღარ გააგრძელებს მუშაობას... ოფისის დაცლაც მოგვიწევს, რადგან იჯარის თანხა გადასახდელია. ვალდებულებები გვაქვს დარჩენილი, ვინაიდან ანგარიშები დაგვიყადაღეს აგვისტოს ბოლოს [27 აგვისტოს], როცა თვის ბოლოს იჯარა უნდა გადაგვეხადა; თუმცა ჩვენ გავჩერდით იმ ნაწილში, რაც საჭიროებს ფინანსებს - ეს არის ოფისის იჯარა, კომუნალური გადასახადები, სხვა საოფისე ხარჯები, თორემ საქმიანობას გავაგრძელებთ. გასაგებია, რომ ჩვეულებრივ ვერ ვიმუშავებთ, მაგრამ რაც შეეხება კვლევით საქმიანობას, სადაც ფინანსები იმდენად აუცილებელი არაა, ჩვენი ძალებით ისევ გავაგრძელებთ. კვლევებს ჩავატარებთ, მონიტორინგს გავაგრძელებთ... თანამშრომლები სახლიდან იმუშავებენ... ხელფასის გადახდას ჩვენ ვერ შევძლებთ, რადგან თანხები, რაც ბანკის ანგარიშებზე გვქონდა, ყველაფერი გაყინულია“, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის IDFI-ში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. „გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით“ - ეწერა პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.




























