მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წლის შემდეგ, სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება შეწყვიტა | სამინისტროს განმარტება

არასტანდარტული ვაშლი

სახელმწიფომ, ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, 10 წლის შემდეგ შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ვაშლის კონცენტრატების მწარმოებლებს არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას აღარ დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ დადასტურებით BM.GE-სთვის, 2 სექტემბერს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვაშლის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება მოიხსნება. გუშინ დაგვიდასტურეს, რომ აღარ იქნებაო, რაც ჩემი აზრით საინტერესო და ძალიან კარგია“, - განუცხადა BM.GE-ს 3 სექტემბერს, აგრომეურნეობა „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა.

რედაქციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის შეწყვეტის მიზეზებისა და ამ ცვლილებისთვის სექტორის მზაობის შესახებ კითხვებით მიმართა. უწყებაში ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის დასრულება დაადასტურეს.

„არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა დასრულებულია. შესაბამისად, 2026 წელს სახელმწიფო გამოდის არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებიდან. 2026 წლის 1 სექტემბერს ვაშლის კონცენტრატების მწარმოებელ კომპანიებთან გამართული შეხვედრის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიები მზად არიან დაიწყონ არასტანდარტული ვაშლის მიღება. შესაბამისად, ვაშლის ჩაბარების შესაძლებლობა შენარჩუნებულია, ხოლო კონკრეტული ჩასაბარებელი ფასი უახლოეს პერიოდში, ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება“, - აცხადებენ სამინისტროში.

კითხვას - რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ სუბსიდირებიდან გამოსვლა, სამინისტროში ვრცლად პასუხობენ და აცხადებენ, რომ „არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება აღარ შეესაბამება სექტორის განვითარების გრძელვადიან მიზნებს და შესაძლოა, არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას“. უწყებაში განმარტავენ, რომ დღეს ქვეყანაში ინტენსიური ვაშლის ბაღები დიდ ფართობებზეა გაშენებული და ამ მხრივ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია.

„არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა ინტენსიური ვაშლის ბაღების ფართობები. აღსანიშნავია, რომ ამორტიზებულ ბაღებში არასტანდარტული ვაშლის ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალი იყო.

დღეს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2,6 ათას ჰექტარზე ინტენსიური ვაშლის ბაღებია გაშენებული. გრძელდება ძველი, ტრადიციული ბაღების ეტაპობრივი ჩანაცვლება თანამედროვე, ინტენსიური ბაღებით.

სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია ისეთი თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ბაღების განვითარებისკენ, სადაც წარმოებული პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალია. შესაბამისად, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება, ერთი მხრივ, აღარ შეესაბამება სექტორის განვითარების გრძელვადიან მიზნებს და, მეორე მხრივ, შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უფრო მიზანშეწონილია ფერმერის მხარდაჭერა წარმოების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიმართულებით, ვიდრე არასტანდარტული პროდუქციის წარმოების შემდგომი სუბსიდირება“, - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავალი და ფასი შემცირდება. ამასთან დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე სამინისტროს შეფასებით, ვაშლის კონცენტრატების მწარმოებლები არასტანდარტული პროდუქტის მიღებას სუბსიდირების გარეშეც შეძლებენ.

„სამინისტროს მიერ სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის ვაშლის კონცენტრატების მწარმოებელ კომპანიებთან, გამართული შეხვედრების საფუძველზე, ამ ეტაპზე არსებობს მოლოდინი, რომ 2026 წელს სექტორი შეძლებს არასტანდარტული ვაშლის ძირითადი ნაწილის მიღებასა და გადამუშავებას.

არასტანდარტული ვაშლი არ არის პირველადი პროდუქტი, რომლის წარმოებაც ფერმერის ძირითად მიზანს წარმოადგენს; იგი ძირითადად სასაქონლო ვაშლის წარმოების თანამდევი პროდუქტია, რომელიც გადამუშავებისთვის გამოიყენება. შესაბამისად, მისი ფასი ვერ იქნება შედარებული ხარისხიან, სარეალიზაციო ვაშლის ფასთან და განსაკუთრებით, კონცენტრატის საერთაშორისო ფასების მიმდინარე დაბალი დონის პირობებში, არასტანდარტულ ვაშლზე მაღალი ფასის მოლოდინი არ გვაქვს.

არასტანდარტული ვაშლის ჩასაბარებელი ფასი სავარაუდოდ წინა წლებთან შედარებით დაბალი იქნება. 2026 წელს მოსალოდნელი მოსავლის შემცირების გათვალისწინებით, არასტანდარტული ვაშლის საერთო მოცულობაც, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც ასევე შეამცირებს სექტორზე არსებულ დატვირთვას“, - განუცხადეს BM.GE-ს სამინისტროში.

კითხვაზე - ხომ არ იგეგმება ვაშლის მწარმოებელი ფერმერების სხვა სახით მხარდაჭერა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „აგროთანადაფინანსების“ ახალ პროგრამას ასახელებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფო აქცენტს ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაზე აკეთებს.

„სახელმწიფოს მხარდაჭერა ვაშლის სექტორის მიმართ გრძელდება, თუმცა აქცენტი გადატანილია არასტანდარტული პროდუქციის სუბსიდირებიდან თანამედროვე, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი წარმოების მხარდაჭერაზე.

კერძოდ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედებული აგროთანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ბაღების გაშენების მხარდაჭერა. თანამედროვე ბაღის გაშენებისთვის ფერმერის მიერ გაწეული ხარჯის 50%-ის თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგენს მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

ამგვარი მიდგომა ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ მიმდინარე სეზონზე მიიღოს მხარდაჭერა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში გაზარდოს მოსავლიანობა, გააუმჯობესოს პროდუქციის ხარისხი და მიიღოს უფრო მაღალი შემოსავალი.

შესაბამისად, სახელმწიფო მხარდაჭერის მთავარი მიმართულება არის ფერმერისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მას საშუალებას მისცემს აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და გაზარდოს საკუთარი მეურნეობის ეკონომიკური მდგრადობა.

გარდა ამისა, აგროთანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი წარმოების პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობა, რაშიც მოიაზრება ვაშლის სექტორი მთლიანად.

სახელმწიფო კერძო სექტორთან თანამშრომლობით კვლავაც გააგრძელებს დაფინანსების სქემების სრულყოფაზე მუშაობას“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათი პროგნოზით, წელს ვაშლის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 10-15%-ით ნაკლები იქნება და წინასწარი შეფასებით 55 000 ტონის ფარგლებში იქნება.

ცნობისთვის, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ღონისძიებების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამა 2014 – 2025 წლებში ხორციელდებოდა. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,863,388 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 74,096,330 ლარი იყო. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები