საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, ოქტომბრის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში სებ-მა რეკორდული მოცულობის ინტერვენციები განახორციელა. კერძოდ სავალუტო აუქციონის გზით გაყიდული იყო 213.4 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით ინტერვენციების მოცულობა 377.7 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად, ჯამური გაყიდვები გასულ თვეში 591 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთლიანობაში 2024 წლის 10 თვის განმავლობაში კი ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 917 და იყიდა 329 მილიონი დოლარი, ანუ წმინდა გაყიდვებმა 588 მილიონი დოლარი შეადგინა.
ის, რომ ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში რეკორდული ინტერვენციები განახორციელა, მიმდინარე თვის 8 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც სებ-მა გამოაქვეყნა სავალუტო რეზერვების ანგარიში, რომელიც ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა უცნობი იყო ამ კლებაში რა წილი მოდიოდა წმინდა ინტერვენციებზე, რაც როგორც სავალუტო აუქციონებს ასევე Bmatch პლატფორმით გაყიდულ სახსრებს მოიცავდა.
ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის 10 თვეში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დეტალური სტატისტიკა ასე ნაწილდება:
- იანვარი - შესყიდვა $8.1 მილიონი Bmatch;
- თებერვალი - შესყიდვა $77.5 მილიონი Bmatch;
- მარტი - შესყიდვა $127.9 მილიონი Bmatch;
- აპრილი - შესყიდვა $73.1 მილიონი Bmatch;
- მაისი - გაყიდვა $108.7 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $9.1 მილიონი Bmatch-ით;
- ივნისი - გაყიდვა $60 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $42 მილიონი Bmatch-ით;
- ივლისი - შესყიდვა $1.9 მილიონი Bmatch-ით;
- აგვისტო - შესყიდვა $41 მილიონი Bmatch-ით;
- სექტემბერი - გაყიდვა $106.5 მილიონი Bmatch-ით;
- ოქტომბერი - გაყიდვა $213.4 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $377.7 მილიონი Bmatch-ით.
ჯამში გაყიდვები 917 მილიონი, შესყიდვები 329 მილიონი დოლარი. შედეგად, წმინდა გაყიდვები წელს 588 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. ნოემბერში კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.