მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10-წლიანი გეგმის წერა თურმე უწყებებში გადანაწილდა, ასე კომუნისტების დროს იყო - ჭყონია

60e709a3eb02a
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.21 19:12
2381
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკის განვითარების 10-წლიან გეგმას აფასებს. ის ამბობს, რომ გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობისას მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, გეგმაზე კი ისეთი პირები უნდა მუშაობდნენ, რომელთაც სათანადო გამოცდილება და ცოდნა აქვთ.

„10-წლიანი განვითარების გეგმა, როგორც გავიგე, უწყებებში გადანაწილდა, ასეთი პროცესი კომუნისტების დროს არსებობდა. უწყებები ადგენდნენ გეგმებს ფურცელზე, მერე ვიღაც შეაჯამებდა და ამ გეგმას წარმოადგენდნენ. 10-წლიანი გეგმის შედგენისას უნდა ვიცოდეთ, ვინ ადგენს ამ გეგმას - რამდენად კომპეტენტურები არიან და რამდენად დიდი გამოცდილება აქვთ. არ ვთვლი, რომ საქართველოში არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც 10-წლიანი ეკონომიკური გეგმის შედგენა შეუძლიათ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ, მე ასე მგონია. მათაც ხომ აქვთ ჩემზე ცუდი ან არასრულყოფილი წარმოდგენა, იგივე მაქვს მეც.

თუ წარმოადგენენ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც 10-წლიან გეგმას ადგენს და ეს გეგმა იქნება ისეთი, რომ მთავრობის ცვლილებასთან ერთად არ შეიცვლება, მაშინ გეგმა მისაღებია... თუ უწყებები ან მისი ხელმძღვანელები ნებისმიერი არჩევნების დროს შეიძლება შეიცვალოს და მერე იტყვიან, რომ ეს გეგმა არ ვარგოდა...

10-წლიანი გეგმის რიცხვები მაინტერესებს, პროცენტული ზრდა კი არა, მაინტერესებს მიზანი. არ ჩანს ეს მიზანი;

რომ ვსაუბრობთ, 10 წლის შემდეგ ჩვენი ხელფასი 2-ჯერ გაიზრდებაო, იმდღევანდელი მოთხოვნის დამთვლელი არავინაა ამ ქვეყანაზე. დღეს რომ ჩვენ ტექნოლოგიებს ვეცნობით, 5 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა ეს ტექნოლოგიები დაინერგებოდა, მას არ დავუჯერებდით. ცხოვრება სწრაფად იცვლება. ჩვენ რომ 10-წლიან გეგმას ვწერთ, არ ვიცით მსოფლიოში ჩვენზე ჭკვიანი ხალხი რას წერს, რა ტექნოლოგიებს ნერგავენ... გრძელვადიანი რაღაცის დაწერა შესაძლებელია, თუმცა უნდა ვიცოდეთ ვინ წერს, ვისთან არის შეთანხმებული. ხშირად საუბრობენ, რომ ჩვენს ეკონომიკაზე თურქეთის ეკონომიკა, ლირის გაუფასურება მოქმედებს, მაშინ 10-წლიან გეგმაში თურქეთის ეკონომიკაც უნდა დავითვალოთ, გავითვალისწინოთ მსოფლიო ეკონომიკაც... გვყავს მაგისი მცოდნეები, რომ თურქეთის ეკონომიკაც შევისწავლოთ“, - განმარტავს ბიზნესმენი.

ის ამბობს, რომ პირველ რიგში, მოკლევადიანი გეგმების შესრულება უნდა გაკონტროლდეს, რათა საზოგადოებამ იცოდეს რა კეთდება ქვეყანაში.

„საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს 1-წლიანი გეგმა და 2022 წლის ბოლოს უნდა გვითხრან, რომ ეს გეგმა შესრულდა; ერთი წელი გვითხრან ან 2020 წლის გეგმა შესრულდა თუ არა, ეს გვითხრან; ან ძალიან მარტივ კითხვას დავსვამ ახლა - მეშვიდე თვეა და გვითხრან 2021 წლის პირველ 6 თვეში რაც დაგეგმილი იყო, შესრულდა თუ არა?! კრიტიკულად კი არ ვუდგები, მე ვითხოვ იმას, რაც მომავლისთვის გვჭირდება.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე როგორ არის გუნდები შედგენილი - მეკარე, ნახევარდაცვა, მცველი... ასეთი სტრუქტურა უნდა იყოს და ვიცოდეთ, ვინ რაზე აგებს პასუხს", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები