ვირტუალური ზონის პირი - ასე ჰქვია იმ სტატუსს, რომლის მოპოვებითაც საქართველოში მოღვაწე საინფორმაციო და ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეუძლიათ. ეს საგადასახადო შეღავათები 2010 წლის დეკემბერში - “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ მიღებული კანონით და საგადასახადო კოდექსით არის განსაზღვრული. კანონის მიხედვით, ნულოვანი საგადასახადო მოსაკრებელი საქართველოში IT სერვისების განვითარების ხელშესაწყობად არის მიღებული. ვირტუალური ზონის პირის სტატუსს კომპანიებს ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს. კანონის მეექვსე მუხლის მიხედვით - “ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.” ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ამ სტატუსით 1,000-ზე მეტი იურიდიული პირი დარეგისტრირდა. საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ უშუალოდ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. თუმცა, რამდენიმე კვირაა რაც შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკა რადიკალურად შეცვალა და კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდას ითხოვს. სალომე მეცხვარიშვილი მიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. სალომე, საღამო მშვიდობის. ეს თემა ამ კვირაში საქმიანმა დილამ გააქტიურა, როცა ვირტუალური ზონის პირების შესახებ - გადაცემაში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკის შეფასებისას აღმოაჩინა, რომ მათ ვირტუალური ზონის პირების შემოწმება არცერთხელ არ აქვთ ჩატარებული, საკითხის უფრო დეტალურად გაანალიზებით კი გაირკვა, რომ ქვეყანაში ამ სტატუსით რეგისტრირებული 1,025 კომპანიიდან ფაქტობრივად არცერთი არ ახორციელებს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში ციფრული სერვისების მიწოდებას - რასთან გვაქვს საქმე და აქვე მთავარი კითხვა - მოუწევთ თუ არა კომპანიებს, ძველი გადასახადების ახლა გადახდა?