მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"10 წლის წინ მთავარი იყო აგეშენებინა და ჰაერში იყიდებოდა ბინები"

5c66d2a851a73
სალომე მეცხვარიშვილი
16.02.19 10:40
2096
10 წლის წინ მთავარი იყო აგეშენებინა და ჰაერში იყიდებოდა ბინები,- ამის შესახებ სამშენებლო კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე აცხადებს. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ბაზარზე 10-15 წლის წინ იყო, თუმცა, ახლა მყიდველის მოთხოვნებიც გაიზარდა, შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებმაც ამ მოთხოვნას უპასუხეს.

“ყველა კომპანიას აწყობდა კოეფიციენტის მომატება, რაც მეტს ააშენებდი მეტი შემოსავალი იყო. მაგრამ თავად მყიდველების მოთხოვნები შეიცვალა. დიდი ხანია ამ ბიზნესში ვარ, დაახლოებით 15 წელია და როცა ადრე ვაშენებდით სახლებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა დიზაინს, მოპირკეთებას და ა.შ. მთავარი იყო აგეშენებინა და ჰაერში იყიდებოდა ბინები. ახლა დაიხვეწა მომხმარებელი და ის უკვე ითხოვს უფრო მეტს. არ მგონია, რომ მას უნდოდეს დიდი შენობები და არ ჰქონდეს სკვერები თუ სხვა სარეკრეაციო სივრცეები”,- აცხადებს ბეჟან წაქაძე.

ბიზნესმენი დადებითად აფასებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომ კ2 კოეფიცინტის ზრდა აიკრძალოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან აღნიშნულ თემაზე მერიას კერძო სექტორთან კომუნიკაცია ჰქონდა.

“ერთიანი თამაშის წესები უნდა შემუშავდეს, ეს გადაწყვეტილება კი სწორედ ამას უწყობს ხელს. ადრე ყველაზე კარგ მშენებლად ითვლებოდა ის, ვინც დიდ კოეფიცინეტს აიღებდა და არა ის, ვინც კარგ სახლს ააშენებდა.

ვფიქრობ, ეს ბიზნესისთვისაც არ არის ცუდი, რადგან გაცილებით მეტი ფასი ექნება პროექტებს იმ რეგულაციებით, რაც დღეს შემოდის, რადგან ამას ექნება კანონის ძალა. არავის ექნება უფლება ამა თუ იმ ადგილზე შეცვალოს კოეფიციენტი. ეს წინასწარ ეცოდინება ბიზნესმენს და ის გათვლის მთელ თავის ბიზნესსა და მოგებას თავიდანვე. ბიზნესმენებს აღარ ექნებათ იმის ილუზია, რომ დღეს თუ ხვალ სახლს დაამატებს კოეფიციენტს და დააუშნოებს შენობას”,- აცხადებს ბეჟან წაქაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები