მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

100 000-ლარიანი ზღვარი კარგია, მაგრამ რჩება უმძიმესი განაკვეთების საფრთხე|შეფასება და კითხვები

რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ეკონომისტ რომან გოცირიძის შეფასებით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვრის 40 000-დან 100 000 ლარამდე გაზრდა პოზიტიური გადაწყვეტილებაა, მაგრამ “რეალურ რეფორმად” ვერ შეფასდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბრის მთავარი თემა ქონების გადასახადთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იყო.

ყოფილი დეპუტატის განმარტებით, 40 000-ლარიანი ზღვარი ჯერ კიდევ 2005 წელს დაწესდა, როდესაც ქვეყანაში სულ სხვა ეკონომიკური რეალობა და ფასები იყო. “მას შემდეგ სამომხმარებლო ფასები გაიზარდა; გაიზარდა საშუალო ხელფასიც, ხოლო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ ლარში 15-20-ჯერ მოიმატა. შესაბამისად, ძველი ზღვრის პირობებში ქონების გადასახადი თითქმის მთელ მოსახლეობას შეეხო და ეს იყო პრობლემა”, - აღნიშნა მან.

ყოფილი დეპუტატის თქმით, წარმოდგენილი ცვლილება პრობლემას ფუნდამენტურად ვერ ჭრის და მოქმედი საგადასახადო განაკვეთების შენარჩუნების შემთხვევაში, 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახები „კატასტროფული“ საგადასახადო ტვირთის ქვეშ აღმოჩნდებიან.

საქმე ის არის, რომ საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია შემოსავლის მიხედვით და 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 და არა უმეტეს 0.2 პროცენტია. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის კი, არანაკლებ 0.8 პროცენტია და არა უმეტეს 1 პროცენტისა. ამდენად, რადგან 100 000 ლარს ზევით წლიური შემოსავლის მქონეები გადაიხდიან ქონების გადასახადს, საინტერესოა ძველ განაკვეთს ტოვებენ თუ ცვლიან. არც ფინანსთა სამინისტროში და არც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში BMG-ის ამ კითხვას, ჯერჯერობით არ უპასუხეს.

“მთავარი კითხვა არა მხოლოდ იმას უკავშირდება, თუ ვინ გათავისუფლდება გადასახადისგან, არამედ იმას, თუ რამდენს გადაიხდის ის, ვისი შემოსავალიც 100 000 ლარს გადააჭარბებს. მოქმედი კოდექსით, 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ქონების გადასახადი 0.8%-იდან 1%-მდე მერყეობს და თუ ეს განაკვეთი დატოვეს, ეს იქნება კატასტროფა! დღემდე ოჯახი, რომლის შემოსავალიც 99 900 ლარს შეადგენდა, იხდიდა ქონების 0.05%-ს ან 0.2%-ს (მუნიციპალიტეტების მიხედვით). მოქმედი კანონით, 100 000 ლარის გადაცილებისთანავე განაკვეთი 1%-მდე იზრდება, ანუ 10-ჯერ იმატებს! საკმარისია ოჯახს შემოსავალი 100-200 ლარით გაეზარდოს, რომ წარმოუდგენლად მძიმე საგადასახადო ტვირთი დაეკისროს. 100 000 ლარი არის ოჯახის ყველა წევრის დარიცხული შემოსავალი (დაახლოებით, 80 000 ლარი ხელზე), სადაც შეიძლება 4-5 სული ცხოვრობდეს. ამიტომ, თუ განაკვეთები არ შემცირდა, ეს იქნება აბსურდი. იმედი მაქვს, ასეთ უგუნურებას არ ჩაიდენენ და განაკვეთებს შეამცირებენ”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ თემაზე საუბრისას ყოფილი დეპუტატი იურიდიული პირების ქონების დაბეგვრის საკითხსაც შეეხო და გააკრიტიკა ხელისუფლების მცდელობა, გადმოეღო დაბეგვრის მიწის ფართობზე მიბმული „ესტონური მოდელი“; თუმცა ფაქტია, დაპირების მიუხედავად, ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული კანონპროექტი არ გაუსაჯაროებია.

„ესტონურმა მოდელმა ჩაილურის წყალი დალია, სამი წელი დაგვაკარგვინა. იურიდიული პირების ქონების გადასახადის განაკვეთი საქართველოში ისედაც მაღალია და მძიმედ აწვება ბიზნესს. მას სჭირდება მხოლოდ განაკვეთის შემცირება და არა მეთოდოლოგიის შეცვლა. მიწის ფართობის მიხედვით დაბეგვრა ეკონომიკურად გაუმართლებელია - საწარმო, რომელიც დიდ ტერიტორიას იკავებს და ბეტონს უშვებს, არ შეიძლება უფრო მეტად დაიბეგროს, ვიდრე მცირე ფართობზე განთავსებული მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომლის აქტივებიც ასეულობით მილიონია”, - აღნიშნა მან.

რომან გოცირიძის განცხადებით, გადასახადის მიბმა შემოსავალზე მეთოდოლოგიურად და ეკონომიკური შინაარსით არასწორია. კლასიკური ევროპული მოდელი ეფუძნება უძრავი ქონების ღირებულებას და არა - მესაკუთრის შემოსავლებს.

ყოფილი დეპუტატის რეკომენდაციები მოიცავს:

დიფერენცირებული და პროგრესული სკალის დაწესებას: გათავისუფლდეს პირველადი, ძირითადი საცხოვრებელი (ან გარკვეულ ზღვრამდე ღირებულების ქონება) გადასახადისგან, ხოლო ძვირად ღირებულ ქონებაზე დაწესდეს გონივრული, დაბალი განაკვეთები.

განაკვეთების მნიშვნელოვან შემცირებას: განაკვეთი უნდა იყოს ადეკვატური, რათა მოქალაქეს არ უღირდეს ქონების ღირებულების დამალვა.

ადმინისტრირებისა და შეფასების სისტემის მოწესრიგებას: ქონების შეფასება უნდა მოხდეს სახელმწიფოს (მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს) მიერ უნიფიცირებული მეთოდოლოგიით, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, და არა - მოქალაქეების მიერ სუბიექტური დეკლარირებით. რომან გოცირიძემ მაგალითად მოიყვანა ლიტვა, სადაც უძრავი ქონების შეფასების უნიფიცირებული კოეფიციენტების გადახედვა 5 წელიწადში ერთხელ ხდება და ამ მთავრობა ადგენს და არა - ფიზიკური პირი.

რომან გოცირიძის აზით, თავად პირის მიერ ქონების შეფასება, შეიძლება, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებისთვის იქნეს გამოყენებული.

„დღეს უძრავი ქონების რეალურ შეფასებას არავინ აკეთებს. ვიცნობ ადამიანებს - მათ შორის პარლამენტშიც გვქონია ეს განხილვა, თანაც ძალიან კოლეგიალურად (გვარებსა და ფრაქციებს არ დავასახელებ): ორი დეპუტატი ერთ სადარბაზოში, აბსოლუტურად ერთნაირ ბინაში ცხოვრობდა. ერთმა სხვა გადასახადი გადაიხადა, მეორემ - სხვა, რასაც მაშინ ცოტა ანეკდოტადაც კი განვიხილავდით. წარმოიდგინეთ, ერთ ქუჩაზე კი არა, ერთ სადარბაზოში, იდენტური ღირებულების ბინებში მცხოვრები ადამიანები იხდიდნენ განსხვავებულ ქონების გადასახადს.

კლასიკურად გადასახადის გაანგარიშება ხდება ქონების ღირებულებიდან და არა - შემოსავლიდან. მაგალითად, ლიტვაში 150 000 ევრომდე ღირებულების საცხოვრებელი ქონება საერთოდ არ იბეგრება, მიუხედავად იმისა, რა შემოსავალი აქვს ადამიანს. ამის შემდეგ იწყება მცოცავი, დაბალი დაბეგვრა. დღეს ჩვენთან პრობლემა არის შეფასების სისტემა და განაკვეთები. თუ ვაკეში მდებარე 500 000-დოლარიან სახლს 1%-ით დავბეგრავთ, მესაკუთრეს წელიწადში 15 000 ლარის გადახდა მოუწევს, რაც აბსურდია. განაკვეთი უნდა იყოს ასატანი, რათა საგადასახადო კულტურამ ცივილიზებული სახე მიიღოს”, - განაცხადა მან.

რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ბიუჯეტისთვის ფიზიკური პირების ქონების გადასახადიდან შემოსული თანხა კრიტიკულ ფაქტორს არ წარმოადგენს, რის გამოც ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ეკონომიკურად რაციონალური და საზოგადოებაზე მორგებული კანონი.

ცნობისთვის: შემოსავლების სამსახურის ახალმა უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა ზღვრის 100 000 ლარამდე აწევით 81 ათას ოჯახს ჯამში 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს.

შეგახსენებთ: ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 114 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 27 მილიონით მეტია. უშუალოდ ფიზიკური პირების ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში 83 მილიონი ლარი შევიდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები