BREXIT-ამდე 100 დღეზე ნაკლები რჩება. 100 დღეზე ნაკლებ დროში გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს; თუმცა ამ დრომდე არ არის გარკვეული, რა ბედი ეწევა გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებს. თუ დეტალები მალე არ გაირკვევა, შეიძლება სავაჭროდ გამზადებული საქონელი ორივე მხარეს პორტებში გაიჭედოს.
The Wall Street Journal-მა გააანალიზა, რომელი ბიზნესები დაზარალდება ყველაზე მეტად ამ ე.წ. no-deal სცენარის შემთხვევაში.
1. ავტოწარმოება: ხშირ შემთხვევაში, მანქანის ნაწილები ავტომწარმოებლებამდე მანქანის აწყობიდან რამდენიმე საათით ადრე აღწევს. ამ ტიპის კომპანიები უკვე ფიქრობენ, რომ ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობის ნაწილები დაასაწყობონ ან თუნდაც თავიანთი კომპანიების ფილიალები გახსნან ევროპაში, რომ პორტებით გადაზიდვებმა ბიზნესს პრობლემები არ შეუქმნას.
2. საფინანსო ინდუსტრია: ბრექსიტის შემდეგ, ლონდონში ბაზირებულ ბანკებზე აღარ გავრცელდება ევროპის რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აეკრძალებათ ევროპის სხვა ნაწილებში არსებულ ბიზნესებზე სესხების გაცემა. შესაბამისად ბევრი საერთაშორისო ბანკი - მაგალითად, „გოლდმან საქსი“ ან „ბენქ ოფ ემერიქა“ - ცდილობს ევროპის სხვა ქალაქებში გახსნას თავისი ფილიალები, რომ არ დაკარგოს ევროპელი კლიენტურა. ამით განსაკუთრებით სარგებლობენ პარიზი და ფრანკფურტი. ეს ორი ქალაქი ცდილობს, ბანკებს მიმზიდველი გარემო შეუქმნას და თვითონ გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი.
3. ფარმაცევტული სექტორი: ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან „პფაიზერი“ ან „გლაქსოსმითკლაინი“ უკვე იმარაგებენ წამლებს, რადგან ეშინიათ, რომ საპორტო პრობლემებმა შეიძლება მათ ბიზნესზეც უარყოფითად იმოქმედოს. გაერთიანებული სამეფო, თავის მხრივ, ასევე ემზადება ე.წ. no-deal სცენარისთვის ევროკავშირთან. გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავის გადაზღვევის მიზნით, უკვე გამოყოფილია მილიარდობით ევრო იმისთვის, რომ ახალი სატვირთო-სამანქანო გზა აშენდეს, უზარმაზარი საპარკინგე სივრცით დიდი სატვირთო მანქანებისთვის, რომ პორტში შექმნილი სავარაუდო პრობლემების საპირწონედ სავაჭრო გადაზიდვებს ევროპაში ალტერნატივა გაუჩნდეს. ამის პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო პრაქტიკულად პირველია მაცივრების შესყიდვების მიმართულებით - რომ წამლები და სხვა ფარმაცევტული პროდუქცია დაცული იყოს.
ე.წ. No-deal Brexit-ი არ აწყობს არც გაერთიანებული სამეფოს და არც ევროკავშირის ბიზნესებს. მთავრობები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეს სცენარი თავიდან აიცილონ, თუმცა The Wall Street Journal-ის შეფასებით, რაც უფრო ახლოვდება ბრექსიტის რეალური თარიღი, ეს სცენარიც მით უფრო მეტ აქტუალობას იძენს ორივე მხარეს.

























