მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$100-მილიონიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებული უკრაინის ენერგეტიკის ექსმინისტრი საზღვარზე დააკავეს

გერმან ჰალუშჩენკო

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი გერმან ჰალუშჩენკო ქვეყნის მთავარმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ კვირას, საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავა.

დასახელებულ პირს უწყება თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და თანხების უკანონოდ მითვისების $100-მილიონიან საქმეში ეჭვმიტანილად მიიჩნევს, რადგან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როცა ის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ის გასული წლის ნოემბერში, ანტიკორუფციული ორგანოების, NABU-სა და SAPO-ს მიერ სკანდალური მასალები გასაჯაროების შემდეგ გადადგა.

შეხსენებისთვის, ჰალუშჩენკო, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ეჭვმიტანილები იყვნენ ისეთი სქემის მოფიქრებასა და იქიდან ფინანსური სარგებლის მიღებაში, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს, რომლებსაც სურდა უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საჯარო ტენდერების მოგება, ბრალდებულთა წრისათვის ტენდერის თანხის 15% დამატებით უნდა გადაეხადათ. ამ სქემის გაშიფვრამ განსაკუთრებული სკანდალი არამხოლოდ იმიტომ გამოიწვია, რომ ის ომის მიმდინარეობისას თანამდებობის პირებს თაღლითობაზე მიუთითებდა, არამედ იმიტომაც, რომ საქმე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ეხებოდა. მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით რუსული იერიშები განსაკუთრებითაა გაზრდილი, მოსახლეობას კი ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა ხშირად უწევს.

აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში უკვე დააკავეს პრეზიდენტ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, რომელიც სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ითვლება. ანტიკორუფციულ სააგენტოში განაცხადეს, რომ დაკავებული ექსმინისტრი ჰალუშჩენკო საზღვრიდან დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კიევში, საგამოძიებო უწყებაში ინტენსიური დაკითხვის მიზნით. უცნობია, დააკავებს თუ არა მას ორგანო, თუმცა სავარაუდოა, რომ გამომძიებლები მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ პატიმრობის შეფარდებას სთხოვენ, რადგან ჰალუშჩენკომ, როგორც საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა ქვეყნის დატოვება გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად მაინც სცადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები