მერიამ 10 000 ლარის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 წელს მიღწეულ 62 ხანდაზმულზე გასცა. აქედან, 56 ქალია და მხოლოდ 8 არის კაცი.
საქმე ის არის, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ 22 იანვარს განაცხადა, რომ 100 და მეტი წლის მოხუცები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ერთჯერადად 10 000 ლარს მიიღებენ. მანამდე ეს თანხა მხოლოდ 1 000 ლარი იყო.
იანვარში გამოცხადებული ნორმის სტატისტიკა თბილისის მერიის მონაცემებში თებერვლიდან არის ასახული. დეტალურად კი თვეების მიხედვით მონაცემები ასეთია:
- თებერვალში - 41 ბენეფიციარი;
- მარტი - 4 ბენეფიციარი;
- აპრილი - 8 ბენეფიციარი;
- მაისი - 3 ბენეფიციარი;
- ივნისი - 2 ბენეფიციარი;
- ივლისი - 4 ბენეფიციარი.
ხანდაზმულებზე წელს, ივლისის ჩათვლით გაცემული თანხის სრული მოცულობა 620 ათასი ლარია.
თანხის მისაღებად საჭიროა
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამოქალაქო რეესტრის გაცემული საინფორმაციო ბარათი ბოლო ერთი წელი უწყვეტად თბილისში რეგისტრაციის თაობაზე;
- დევნილობის მოწმობა [ასეთის არსებობის შემთხვევაში];
- განცხადება თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სახელზე.
ცნობისთვის, კახა კალაძემ პროგრამის წარდგენისას წლის დასაწყისში თქვა, რომ იმ 100 წლის ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, ანუ 1000-ლარიანი დახმარება მიიღეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ გასულ წელს ფულადი დახმარება 1 000 ლარის ოდენობით 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათ შორის, 23-ს – ერთი საუკუნე, ხოლო 34-ს 101 და მეტი წელი შეუსრულდა.




























