პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის ერთი წლის შემაჯამებელ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" მთავარი მონაპოვარი არის "ის გარღვევა, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია მოხერხდა".
ბახტაძე აცხადებს, რომ გასული ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას "საკუთარი სახელმწიფო ხან ჩაგრავდა, ხან ატყუებდა."
"სამართლიანობის განცდა არის სოციალური მშვიდობის მთავარი კომპონენტი; ხელისუფლებისადმი კრედიტსაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში ამ განცდის არსებობა ან არარსებობა განაპირობებს. საქართველოს ისტორიას თუ შევხედავთ, სამწუხაროდ, უკანასკნელი 100 წელი ჩვენი ხალხი ცხოვრობდა გარემოში, სადაც საკუთარი სახელმწიფო მას ხან ჩაგრავდა, ხან ატყუებდა. ჰუმანიზმს მოკლებული პოლიტიკა, ადამიანის ინტერესებს მოკლებული პოლიტიკა არის ყველაზე მძიმე პოლიტიკა რაც ჩვენ მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მოახდინა გარღვევა და შეძლო საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია,"- ამბობს ბახტაძე.

























