კრემლის შთაგონებული "რუსული კანონი" საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს" – 100-ზე მეტმა მეცნიერმა და სამედიცინო მუშაკმა, რომლებიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ მიმართვა გაავრცელეს, სადაც იმ საფრთხეებზეა საუბარი, რასაც ქვეყანას გამჭვირვალობის სახელით ინიცირებული კანონი უქმნის. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქუჩაში გამოსულ, ასი ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. მათ, ვინც ხმამაღლა და დაუღალავად აპროტესტებს ქვეყნისათვის დამღუპველ რუსულ კანონს.
“ჩვენ, მეცნიერებს და მედიკოსებს, კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილდღეობისათვის. აღნიშნული კანონი არის ფუნდამენტურად რეგრესული და ის შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის მედიცინისა და მეცნიერების. რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, ჩვენი სტუდენტების მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში დროული ჩართვა“,-აცხადებენ მეცნიერები და მედიცინის მუშაკები.
ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, ყური უგდოს ხალხის ხმას, სტრატეგიული პარტნიორების რჩევას და არ მიიღოს ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელი კანონი.
სტუმარი: გიორგი კავკასიძე - „ლაბუნო სამედიცინო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი;