ბუნებრივი ღვინის ბარი „საამურის“ ორგანიზებით 11 მაისს, „ფაბრიკაში“ უკვე მესამედ ბუნებრივი ღვინის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ „საამურის“ დამფუძნებელმა მაია ჭოხონელიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ფესტივალზე იმ მცირე მარნების ღვინის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, რომლებიც მხოლოდ ორგანულად მოყვანილი ყურძნისგან ბუნებრივი მეთოდით აყენებენ ღვინოს.
„გასულ წელს ჩატარებულ ფესტივალზე 15 ქართველი მეღვინე გვყავდა, წელს მწარმოებლების სია 30-მდე გაიზარდა. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის - გურია, რაჭა, კახეთი, ქართლი და ა.შ. ასევე სხვა ქვეყნის ღვინოების დაგემოვნებაც. აგრეთვე სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ქართული სიდრი და ჯინი,“ - განმარტა დამფუძნებელმა.
„ბუნებრივი ღვინო“ ყენდება ორგანულად მოყვანილი ყურძნისგან, ყველანაირი საფუარის და დანამატების გარეშე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაია ჭოხონელიძე მეუღლესთან ერთად თავადაც ბუნებრივი ღვინის წარმოებით არის დაკავებული და აღნიშნულ ფესტივალზე საკუთარი ღვინით წარდგება.
ცნობისთვის, „საამური“ „ფაბრიკა“-ში 2021 წლის აპრილში გაიხსნა. მაღაზია-ბარი 100-მდე სახეობის ქართულ და 35-მდე სახეობის უცხოურ ბუნებრივ ღვინოს აერთიანებს, რომელთა ფასები 20-დან 250 ლარამდე მერყეობს. 11 მაისის ფესტივალის ბილეთების ყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ, tkt.ge-ზე, ასევე ადგილზე. ბილეთის ფასი 25 ლარია.