მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 "სამთავრობო აგარაკი", რომლის ღირებულება 31 მლნ ლარია, სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება

5bd4e8f8b8978
თელარა გელანტია
28.10.18 14:51
1904
დღეისათვის, სახელმწიფოს საკუთრებაში 11 ე.წ „სამთავრობო აგარაკია“.

bm.ge-ის მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ დაახლოებითი საბაზრო ღირებულება 31 000 000 ლარია.

უძრავი ქონება, რომელიც წყნეთში, 86 965 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განლაგებული, შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს ბალანსზე ირიცხება, რომელიც თავის მხრივ, ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, მაშინ როცა მთავრობამ სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის ე.წ. გეგმა წარმოადგინა, წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეიტანეს.

თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინოვნიკებს აგარაკები ჩამოერთმედა, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს სოციალურად დაუცველებთან შეხვედრისას გააჟღერა. მაშინ ითქვა, რომ აგარაკები მოქალაქეებზე გაქირავდებოდა.

“ყველანაირი დაჩები, ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ჰქონდათ ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და ყველაფერს ამას გამოვაქვეყნებთ. არავითარი წყნეთი, არავითარი დაჩები, იქ კიდევ მშენებლობები მიდის, ყველაფერი გავაჩერეთ, ყველაფერი თქვენსკენ წამოვა, მაგრამ საკმარისი მაინც არ იქნება, რომ ყველას ადამიანურად და ნორმალურად თქვენი ოჯახის რჩენა შეგეძლოთ”, – აცხადებდა ივანიშვილი.

ქონების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში წყნეთის „სამთავრობო აგარაკებიდან“ 8 226 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გასხვისდა. ობიექტის პრივატიზაციის შედეგად, ბიუჯეტმა 4 288 320 ლარი მიიღო.

Bm.ge-ის კითხვაზე - ახლაც იყიდება თუ არა წყნეთის „სამთავრობო აგარაკები“ და თუ - კი, სად არის ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული, სააგენტოდან შემდეგი პასუხი მოგვწერეს:

„აღნიშნული ობიექტების მიმართ მოთხოვნა დიდია და სააგენტო პერიოდულად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბიზნეს-სექტორთან. პროცესი არის გამჭვირვალე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ააქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს დაინტერესება საპრივატიზებო ობიექტის მიმართ და სააგენტო განიხილავს განიხილავს მას“.
როგორც ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია სააგეენტოს ვებ-გვერდზეც არ აქვს გამოქვეყნებული.

მათივე ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში საჯარო ელექტრონული აუქციონის საშუალებით ხდებოდა „სამთავრობო აგარაკების“ იჯარის უფლებით დროებით სარგებლობაში გადაცემა.

რა თანხა მიიღო ბიუჯეტმა ე.წ. „სამთავრობო აგარაკების“ გაქირავებიდან, Bm.ge ამის შესახებ ინფორმაციას შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროდან ელოდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები