მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 სასწრაფო ბენეფიციარი გვყავს - ბავშვების დედებმა პროკურატურას მიმართეს - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ 11 ბენეფიციარი ჰყავთ, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო კი ჩანიშნული ოპერაციის ჩატარებაც ვერ ხერხდება.

როგორც ჟორჟოლიანმა BMG-ს გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, ფონდის ბენეფიციარი ბავშვების დედებს მიმართული აქვთ პროკურატურისთვის, რათა გამოძიების დასრულებამდე ფონდს ყადაღა მოეხსნას და ფონდის რესურსი ბავშვების საჭიროებებს მოხმარდეს. “თუ ასე არ მოხდა, საინტერესო გეგმა მაქვს”-აცხადებს ნანუკას ფონდის დამფუძნებელი.

„დედებმა პროკურატურას მისცეს კონკრეტული ვადა, იმ დედებმა, რომლებიც ელოდებოდნენ ფონდიდან დაფინანსებას. ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა და სხვა ფინანსური დახმარება უნდა გაგვეწია. მათ პროკურატურას მისცეს დრო, რომ იქნებ ამ თანხას ყადაღა მოეხსნას, რომ ამ ბავშვების საჭიროებები დაფარული იყოს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება.

11 სასწრაფო ბენეფიციარი გვყავს. მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა, მხედველობა სრულად დაუქვეითდა და ოპერაცია გვქონდა ჩანიშნული. თუ გაითვალისწინებენ მშობლების თხოვნას, რომ მოხსნან ფონდს ყადაღა, რა თქმა უნდა დავუდებთ პირობას, რომ მხოლოდ ბავშვებზე, მხოლოდ სოციალურ საჭიროებებზე გამოვიყენებთ ამ თანხას, თუ არა და მერე მაქვს საინტერესო გეგმა“,-აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

“ნანუკას ფონდის” საბანკო ანგარიშები სხვა 4 ფონდის მსგავსად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურამ საბოტაჟის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 17 მარტს დააყადაღა. ნანუკა ჟორჟოლიანს ჯერ სასამართლოს განჩინება არ ჩაჰბარებია, შესაბამისად ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რომელი სამართლებრივი საფუძვლით და რა შინაარსით არის ყადაღა დადებული მისი ფონდის ანგარიშებზე.

დაყადაღების მომენტისთვის, "ნანუკას ფონდის" ანგარიშებზე 400 000 ლარზე მეტი იდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები