მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 თვეში საქართველოს აეროპორტებმა ყაზახეთიდან 300 000-ზე მეტი მგზავრი გაატარეს - ლევან მოსეშვილი

ლევან მოსეშვილი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, საქართველო-ყაზახეთს შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად მზარდია. ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის 11 თვის მაჩვენებელზე მან Scat Airlines-ის მიერ თბილისის მიმართულებით შიმქენთიდან ფრენების დაწყების შეფასებისას განაცხადა.

„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 %-იანი მატება გვაქვს. წელს, 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ყველა აეროპორტში 300 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ დადებითი დინამიკა კვლავ შენარჩუნდება და მომავალ წელს ყაზახეთიდან კიდევ უფრო მზარდი მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები გვექნება“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმქენტი-თბილისი-შიმქენტის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია შიმქენთსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, შიმკენტი არის მესამე ყაზახური მიმართულება, რომელი ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.

"დღეიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - შიმქენტი დაემატა. ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის ეს უკვე მესამე პირდაპირი მიმართულებაა, რომელიც ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სრულდება", - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პირველი რეისით შიმქენტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით, 166-მა მგზავრმა ისარგებლა. პირველ ფრენასთან დაკავშირებით გამართულ საინაუგურაციო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შუა დერეფნისთვის ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკური კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შიმქენტი არის მეხუთე ყაზახური მიმართულება, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines დაფრინავს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები