მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

111,000 მსესხებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

5df0aea945ee9
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.19 12:56
3954
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მათ ვისაც ლარში არსებული სესხი ცვლად განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხის განაკვეთი სავარაუდოდ გაეზრდებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა, ორგანიზაციის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირებაზე მიბმული სესხების მოცულობა 2.6 მილიარდი ლარით, 5.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, სესხების საერთო რაოდენობა კი 111,400-ია. 

საზოგადოება და ბანკები რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესახებ:

"2019 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111,400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე გაეზარდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5,9 მილიარდი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

პირველი ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4,000-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 5,71 მილიარდიდან 5,9 მილიარდ ლარამდე.

111,400 ხელშეკრულებიდან 30,900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი - 745.5 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ, 15.88% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი ნოემბრის მონაცემებით 41,600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.51%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1,92
მილიარდი ლარია.

35,200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2,99 მილიარდი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1,03 მილიარდი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.09%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 1,96 მილიარდი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.06%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.25 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.55%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 72.64 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.17%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2,6 მილიარდი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.32%-დან 12%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო, რამდენადაც ეროვნული ბანკის განცხადებით, ის განაგრძობდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მანამ, სანამ ინფლაციაზე გაცვლითი კურსის წნეხი არ მოიხსნებოდა. მიუხედავად ბოლო პერიოდში ლარის გამყარებისა, გაცვლითი კურსის წნეხი ინფლაციაზე კვლავ რჩება და ნოემბრის ინფლაცია 7%-ია. (ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია). მიუხედავად საგარეო ფაქტორების დადებითი დინამიკისა (გაზრდილია ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ინვესტიციები), ლარის გაცვლითი კურსი ნოემბერში კვლავ გაუფასურებას განაგრძობდა, რაც უარყოფითი მოლოდინებით იყო განპირობებული. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ერთი მხრივ მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე,"- ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები