112-ში შესული ზარების პრიორიტეტულობას სპეციალური პროგრამა განსაზღვრავს. პროგრამის შეძენას უწყება, გამარტივებული შესყიდვის წესით, 762 ათას დოლარად, ამერიკული კომპანია Medical Priority Consultant-სგან აპირებს. როგორც შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაშია ნათქვამი, აღნიშნულმა კომპანიამ ქართულ მხარესთან თანამშრომლობისა და პროგრამა ProQA-ს გაქართულების სურვილი გამოხატა.
"ProQA-ს შესყიდვის შემდგომ, შესაძლებელი გახდება ზარების პრიორიტეტების განსაზღვრა ხარისხობრივად და სირთულის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს რესურსების რაციონალურ ხარჯვას. გარდა აღნიშნულისა, ProQA ავტომატურად დააგენერირებს ოპერატორის მიერ ზარის ავტორისათვის დასასმელ სიტუაციის შესაბამის შეკითხვებს, რაც აღმოფხვრის ზარის ავტორის მიერ, ემოციური ფონიდან გამომდინარე, დაბალი პრიორიტეტის მქონე საქმეების მაღალ პრიორიტეტულად წარმოჩენის რისკს. „112“-ში შესული ზარების პრიორიტეტების განსაზღვრის ეფექტური სისტემა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მაღალ პრიორიტეტულ საქმეებზე რეაგირების დროის შემცირებას", - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ზარების პრიორიტეტულობის განსაზღვრის არსებული სისტემა დასახვეწია. რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც აღნიშნული შესყიდვა სატენდერო პროცედურების გარეშე უნდა მოხდეს, 112-ში პროექტის შინაარსობრივ სპეციფიკურობას უკავშირებენ.
დღემდე საქართველოში ანალოგიური პროგრამული უზრუნველყოფის ან სერვისის გამოყენების გამოცდილება არ ყოფილა, შეუძლებელი იყო სრულყოფილი ტექნიკური დავალების შექმნა და მოთხოვნების ჩამოყალიბება იმგვარად, რომ დანერგვის პროცესში არ დამდგარიყო კორექტირების საჭიროება", - ამბობენ 112-ში.
შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტების დისპეჩერიზაციის პროგრამის დანერგვის რეკომენდაციით უწყებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც მიმართა.