მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"12-მდე ბიზნესმენი დავთვალე, სანქციები მათაც შეეხებათ“ - გოცირიძე

რომან გოცირიძე

დეპუტატი რომან გოცირიძე ბიზნესს მკვეთრი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს. „საქმიანი დილის“ ეთერში გოცირიძემ მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით სიაში მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენებიც მოხვდებიან.

გოცირიძე ფიქრობს, რომ სანქციების ეფექტი ქვეყნისთვის დამანგრეველი ეფექტის მომტანი იქნება, რადგან ის შეამცირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციების მოცულობას.

„სანქციები მოახდენს უმძიმეს გავლენას ქვეყანაზე. ეს იქნება არა მხოლოდ დეპუტატებზე, არამედ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენებზეც. 12-მდე ბიზნესმენი დავთვალე რომლებმაც თავი ამოჰყვეს „იმედის“ ბანერებში როგორც რუსული კანონის მხარდამჭერებმა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ცალკეულ ბიზნესსაც შეეხება.

აქ დეპუტატებიდან 20 თუ 28 მილიონერია და ყოველ მეორეს ბიზნესი და სახლები აქვს ევროპაში, ბუნებრივია რომ მათ ბიზნესებსაც შეეხებათ, თუკი ეს ბიზნესები საბანკო მომსახურებით ისარგებლებენ, არ არის გამორიცხული რომ უკვე საბანკო სისტემა დადგეს რისკის ქვეშ. ასევე პირდაპირ იყო ნათქვამი რომ 320 მლნ დოლარს, რომელიც გამოყოფილია სამხედრო და სოციალური სახის დახმარებებისთვის, ქვეყანა ვერ მიიღებს. ამას დომინოს პრინციპით მოჰყვება ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფერხებენ იმ პროექტების განხორციელებას, რომლითაც აშენდა საქართველო. სადაც არ უნდა გავიხედოთ გვირაბი იქნება, ხიდი იქნება თუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, დასავლური კაპიტალით ხორციელდება. ანუ ქვეყანას „ქართული ოცნება“ აყენებს უმძიმეს მდგომარეობაში და თუ კვლავ გაგრძელდა თავდასხმა, ასე ღიად წაიყვანეს ქვეყანა რუსეთისკენ. რისთვის? რა მიზანს ემსახურება მთელი სამყაროს გადამტერება, რომლის გარეშეც დამოუკიდებელი საქართველო ვერ იარსებებდა? ერთადერთი მიზნით, რომ ამ კანონით უნდათ ბიძინა ივანიშვილის გაიმყაროს ძალაუფლება, ხელში ჰქონდეს ბერკეტები, დახუროს მედია, არასამთავრობო სექტორი და იმ მეთოდებით რაც გაიარა რუსეთმა გავიაროთ ჩვენც.

ქართული ბანკებიდან დაიწყება კაპიტალის გატანა და მეორე მხრივ, არ შემოვა ახალი, ეს კანონი მთლიანად დაასამარებს უცხოელი ინვესტორების სურვილს რომ საქართველოში ფული ჩადონ.

თუ დასანქცირდა ივანიშვილი და ეროვნულმა ბანკმა ის კანონი აამოქმედა, რაც ფარცხალაძისთვის მიიღო და სინამდვილეში ივანიშვილს გულისხმობდა, კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდებს საბანკო სისტემას.

ნუ აქვთ ბანკებს პირში წყალი ჩაგუბებული, კარგია ლამაზი კლიპები და მინიშნებები, მაგრამ ქარაგმების დრო არ არის, რაში სჭირდებათ საბანკო ასოციაცია თუკი ამ მძიმე პერიოდში არაფერს იტყვის?

სამარცხვინო ბიზნესს ასოციაცია, რომელიც მიკიბ-მოკიბვით მაგრამ მთავრობას უჭერს მხარს. საბანკო სისტემამ იცის ყველაზე კარგად ლონდონის ბირჟაზე რა მოუვიდათ, ამიტომ დღეს პასუხისმგებლობიანი ბიზნესი უნდა იყოს გაბედული, მით უმეტეს როცა უცხოელი დამფუძნებლები ჰყავთ და საერთაშორისო წონა აქვთ, პირადი ინტერესები მაინც უნდა გამოძრავებდეთ რომ ხმა აიმაღლოთ და სიმართლე თქვან,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 23 მაისის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სავიზო სანქციების რეჟიმი დააწესა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის. სანქციები უკავშირდება ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას, დემოკრატიის ძირის გამოთხრას, რუსული კანონის მიღებას, მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას და მოქალაქეთა დაშინების კამპანიას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მათი სია, ვისაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდა საჯარო არ იქნება.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიევროპული და ანტიამერიკული საგარეო პოლიტიკური კურსის დაჭერიდან, ასევე აგენტების კანონის მიღებიდან გამომდინარე, აშშ გეგმავს ძირეულად გადახედოს და ხელახლა შეაფასოს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოლიტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები