მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 მლნ-იანი ინვესტიციით შექმნილი „დმანისის ფერმის“ პროდუქცია ბაზარზე 2022 წლიდან გამოჩნდება

617bd7a4328f4
მარიამ ვარადაშვილი
29.10.21 19:00
1022
დმანისში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი მესაქონლეობის ფერმა პროდუქციის რეალიზაციას მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

როგორც bm.ge-ს "დმანისის ფერმის" ერთ-ერთმა მფლობელმა ლაშა ჯინჭარაძემ განუცხადა, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 12 მლნ ლარია.

აღსანიშნავია, რომ „დმანისის ფერმამ“ 6 მლნ ლარის ფინანსური რესურსი სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში მოიზიდა, ხოლო დანარჩენი თანხა პროექტში ფრანგ პარტნიორთან ერთად ჩადეს. 

ლაშა ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამჟამად, ფერმაში 200-ზე მეტი ფრანგული, სალერსის ჯიშის საქონელი ჰყავთ.

„დმანისში ფერმასთან ერთად საძოვარიც გვაქვს, დაახლოებით, 1000 ჰა ფართობზე, რომელიც ადგილობრივი
მოსახლეობისგან ვიყიდეთ. პარალელურად სართიჭალაში მიწები გვაქვს, სადაც სიმინდის ყანებია და საქონელი საძოვარზე იქაც დაგვყავს. მოკლედ, საკვები ბაზა გვაქვს. ამჟამად 230 სული საქონელი გვყავს და საფრანგეთიდან კიდევ 140 სული ჩამოგვყავს“, - თქვა bm.ge-სთან „დმანისის ფერმის“ ერთ-ერთმა მფლობელმა და იქვე დასძინა, რომ რადგან სალერსი მეხორცული ჯიშია (საქონლის წონა 400 კგ-მდე ადის), საქონელი ჯერ უნდა გაზარდონ, ამიტომ ჯერჯერობით ხორცის რეალიზაცია არ დაუწყიათ.

„ხორცის გაყიდვას მომავალი წლის გაზაფხულიდან დავიწყებთ. თავიდან, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით, რადგან ბაზარზე ხორცის დეფიციტია და რამდენიც არ უნდა გვქონდეს, უპრობლემოდ გაიყიდება. უკვე გვყავს კლიენტები, ვისთანაც მემორანდუმები გავაფორმეთ… მოკლედ, ბაზარზე ხორცზე მოთხოვნა არის“, - ამბობს ლაშა ჯინჭარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები