მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

12 ქართველი მეღვინე ქალი ჰოლანდიაში ღვინის გამოფენაზე გაემგზავრება

5c4cc6066c429
მაია ბიწაძე
27.01.19 14:29
3619
12 ქართველი მეღვინე ქალი ჰოლანდიაში ღვინის გამოფენაზე - ,,Women in Wine” წარსდგება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ჩატარდება.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანია ,,Madam Wine”-ის დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა განუცხადა.

ღონისძიება ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ქართველი ქალები ღვინის მოყვარულებს და ექსპერტებს 50 დასახელების ღვინოს გააცნობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ღვინოები წარდგენილი იქნება კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან.

„იქ იქნება ნატურალური და ბიოღვინოები, როგორც ქვევრში დამზადებული, ასევე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული; პირველ დღეს მოხდება ქვეყნის წარდგენა და ჩვენი სპიკერი განახორციელებს საქართველოს პრეზენტაციას, მეორე დღეს გაიმართება ღვინის გამოფენა, შემდეგ კი ჰოლანდიისა და ბელგიის საელჩოებში შედგება პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის სომელიეები, დისტრიბუტორები და მწერლები დაესწრებიან“, - განაცხადა მანანა ახვლედიანმა.

გამოფენაზე - ,,Women in Wine” სხვადასხვა ქვეყნების მეღვინე ქალები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ამერიკიდან, ავსტრიიდან თურქეთიდან, ალბანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სომხეთიდან და სხვა.

,,ჩემი პროდუქცია ,, Madam Wine”-ის ბრენდით, სრულად ექსპორტზე გამაქვს და ამიტომ აქტიური ურთიერთობა მაქვს უცხოურ ბაზრებთან, მათ შორის, პოლონეთის მეღვინე ქალთა ორგანიზაციასთან - ,,ღვინო და ქალი“; სწორედ აქედან, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ჰოლანდიაში იგეგმებოდა ასეთი დიდი ღონისძიება - მეღვინე ქალების გამოფენა; მე თვითონ დავუკავშირდი გამოფენის ორგანიზატორს შენეი ოზდემირს და გადავუგზავნე საქართველოს შესახებ ინფორმაცია; ორი-სამი თვეა აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ის ძალიან დაინტერესდა და მთხოვა ღვინის ნიმუშები გამეგზავნა; მე საპასუხოდ შევთავაზე, რომ თავად ჩამოსულიყო საქართველოში და ადგილზე გაცნობოდა ჩვენს ქვეყანას, ქალ მეღვინეებს და მათ პროდუქციას; რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ის დამთანხმდა და 21-დან 25 იანვრის ჩათვლით საქართველოში იმყოფებოდა. მეღვინე ქალებმა წარვუდგინეთ მას ჩვენი პროდუქცია; როდესაც ის თბილისიდან მიდიოდა, თქვა, რომ განსაკუთრებული აღმოჩენა გააკეთა - ,,ჩვენ ვიცით ამერიკული ღვინის ისტორია, ვიცნობთ ფრანგულ ღვინოს, ესპანეთმაც მოყვა თავისი, უკვე დადგა დრო, რომ საქართველომაც მოყვეს თავისი ღვინის ისტორია და ქალები ძალიან ლამაზად იტყვიან ამას“, - გვითხრა შენეიმ გამოსამშვიდობებელ საღამოზე“, - განაცხადა მანანა ახვლედიანმა Bm.ge-თან საუბრისას.

შენეი ოზდემირი ჰოლანდიაში ღვინის სადისტრიბუციო კომპანიის ,,House of Red & White” -ის დამფუძნებელია. სწორედ მისი ორგანიზებით და ჰოლანდიის მთავრობის დახმარებით ეწყობა აღნიშნული გამოფენა. ოზდემირის კომპანია ყიდულობს განსაკუთრებულ, მაღალი კლასის ღვინოებს და ყიდის პრემიუმ სეგმენტზე; მათ შორის, ამ ღვინოებს საელჩოები სხვადასხვა ღონსიძიებებისთვის ყიდულობენ.

გამოფენა ,,Women in Wine” პირველად ტარდება. ორგანიზატორების სურვილია, გამოფენამ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები