მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 სადაზღვევო კომპანია "საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად" მთავრობას მიმართავს

5c0f774a3c267
დათო ჯალაღონია
11.12.18 12:34
2688
სადაზღვევო სექტორის და დაზღვევის საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობების გავრცელებას ითხოვენ და ამისთვის მთავრობას და საკანობმდებლო ორგანოს საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

Bm.ge განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის არსებობა ეკონომიკის სტაბილურობისთვის და თანამედროვე საზოგადოების მშნენებლობისთვის, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

დღეს, ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც საბოლოოდ იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება.

ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.

ჩვენმა მივმართავთ ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად, ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავსელობაში აღმოჩნდებიან.

ჩვენი მხრიდან მოხდება ყველა ეფექტური მეთოდისა და კომუნიკაციის გზის გამონახვა მთავრობასა და პარლამენტთთან რათა დაყენებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც სწორედ აღნიშნულისკენ მოგვიწოდებს და ჩვენი ქვეყნისგან მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მხრივ განხორციელებული ქმედებები, პარალელურად კანონმდებლობაში დატოვებული შავი ხვრელების პირობებში, შემოსავლების იოლი წყაროების დატოვებით ბანკების ექსპანიას დამატებით ახალისებს.

ბანკები სადაც ჩვენ ბრუნვები გვქონდა განთავსებული და კანონისისმიერი ვალდებულებით ყველა სადაზღვევო კომპანია ვალდებულია მინიმუმ სამ ბანკში განახორციელოს პორთფელის დივერსიფიცირება და რომლის გავლითაც მომსახურებას ვუწევდით მომხმარებელს, დღეს უკვე კონკურენტებად მოგვევლინნენ. ასეთ პირობებში სრულიად უგულებელყოფილი ხდება კონფიდენციალური კომერციული და პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ხოლო ბანკი უზარმაზარ კონკურენტულ უპირატესობას იღებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ბანკებზე კონკურენციის შესახებ კანონიც კი არ ვრცელდება.

სწორედ მსგავსი შავი ხვრელების აღმოფხვრას ითხოვს ინდუსტრია. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე სადაზღვევო და საბანკო სექტორს შორის ზღვარიც გაქრება და დაზღვევაშიც მივიღებთ იმ დუოპოლიურ მოდელს რაც საბანკო სექტორში დღეს გვაქვს.

ბოლოს, გვინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენ არ გავურბივართ კონკურენციას და არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ კონკურენციას და თანაბარ შესაძლებლობებს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის.

ჩვენი სურვილია, ბანკებს ვუყუროთ, როგორც პარტნიორებს და არა, როგორც ჩასაფრებულ მტაცებლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები