"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ბოლო 12 თვის ქმედებები მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს მნიშვნელოვნად აზარალებს.
"ბოლო 12 თვის ქმედებები მთავრობის მხრიდან ჩვენს სპონსორებთან მიმართებაში და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც იყო გაკეთებული და ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, ძალიან აზარალებს ანაკლიის პორტს.
არის განცხადებები და ქმედებები, რომლებიც ხშირ შემთვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და იმის თქმა, რომ ეს პროცესები ცალკეა და არ ეხება ანაკლიას, ეს კიდევ ერთხელ სწორი არ არის, იმიტომ რომ დამატებითი მოთხოვნები მოდის. ჩვენი ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ასეთი ქმედებების შემდგომ უფრო კონსერვატულები ხდებიან", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ პროექტმა ქვეყანას ეკონომიკური დოვლათი მოუტანოს, ამისათვის საჭიროა ინფრასტრუქტურის სასწრაფოდ განვითარება.
"თუ გვინდა, რომ ეკონომიკური დოვლათი ამ სატრანზიტო პოტენციალმა ჩვენ ქვეყანას მოუტანოს, ამისათვის საჭიროა სასწრაფოდ, რომ ჩვენ განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური ეფექტურობა მაქსიმალურად ავამაღლოთ. ამის დაკარგვა ახლა უაზრობა იქნება", - აღნიშნა ახვლედიანმა.

























