კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგს მიმდინარე წელს დაასრულებს - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საკითხით სააგენტოს დაინტერესების საფუძველი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები გახდა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს სამედიცინო სერვისებზე ფასები 26%-ით გაიზარდა.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, სააგენტო უკვე მონიტორინგის დასკვნის ეტაპზეა. უწყებამ დაახლოებით 170 სტაციონარული და 250-ზე მეტი ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულების მიერ მიწოდებული 13 000-მდე სერვისი შეისწავლა.
"ამ 13 000 სერვისიდან ფასების ზრდა დაახლოებით 3 800-მდე მომსახურებაზე დაფიქსირდა. დანარჩენ სერვისებზე ფასები იყო ან უცვლელი, ან შემცირდა. ამ 3 800 სერვისის ანალიზისას გვაქვს რანჟირება: სად გაიზარდა ფასები 40%-მდე, 40-დან 70%-მდე, 70-დან 100%-მდე, 100-დან 130%-მდე და 160%-მდე", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სააგენტოს ხელმძღვანელმა 100%-ზე მაღალი ფასნამატის მქონე სერვისების სტატისტიკა გაასაჯაროვა. მისი თქმით 233 სამედიცინო სერვისზე ფასნამატი 100%-ს აჭარბებს:
- 100%-დან 130%-მდე ფასნამატი დაფიქსირდა - 70 სერვისზე;
- 130%-დან 160%-მდე - 53 სერვისზე;
- 160%-ზე მეტი ფასნამატი კი - 110 სერვისზე.
მიუხედავად ამ მონაცემებისა, ირაკლი ლექვინაძეს კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ უსაუბრია - მას არ დაუსახელებია სამედიცინო მანიპულაციები, სადაც მსგავსი მაღალი ფასნამატები აღირიცხა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ბაზარზე კონცენტრაციის საერთო ინდექსი დაბალია, თუმცა პროცესის დასრულების შემდეგ სააგენტო იმ სერვისებსა და მიმართულებებს გამოყოფს, სადაც ფასნამატი განსაკუთრებით მაღალია. შემდგომ ეტაპზე GCCA აღნიშნულ კლინიკებს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას მოსთხოვს, რათა დადგინდეს, რა ფაქტორებმა განაპირობა ფასების მკვეთრი მატება.
ცნობისთვის, GCCA-მ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი გასული წლის სექტემბერში დაიწყო.
მაშინ სააგენტოში აცხადებდნენ, მონიტორინგის ფარგლებში, ბაზარი შეფასდებოდა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.
GCCA-ში ასევე განაცხადეს, რომ ბაზრის მონიტორინგის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში ხორციელდება.
























