ბიზნესმენი გიორგი ღარიბაშვილი საკალმახე მეურნეობის აღდგენას გეგმავს, რაშიც 200 ათასი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამისთვის ფერმერმა ორი კერძო პირი მოიძია, ვინც საკალმახე მეურნეობაში ფულს ჩადებს. სამუშაოები ერთ თვეში დაიწყება და წლის ბოლოს ღარიბაშვილი ბაზარს წელიწადში 100-150 ტონა კალმახით მოამარაგებს. როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა, ადგილობრივი ბაზრის გარდა თევზს ექსპორტზეც გაიტანს, რუსეთში და არაბულ ქვეყნებში, სადაც მოთხოვნა მაღალია.
შპს "ალგოთის“ კუთვნილი ავზები, რომელშიც კალმახს 2012 წლიდან ზრდიდა 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა წალეკა, როგორც ფერმერი ამბობს ზარალმა 200 ათასი ლარი შეადგინა.
"მინდა არსებული ავზების რეკონსტრუქცია განვახორციელო, რომ მორიგი სტიქიის დროს წყალმა თევზი ისევ არ წალეკოს. 2015 წელს მომხდარმა სტიქიმა დიდი ზარალი მომაყენა. თევზიდან, რომლის რეალიზაციაც უკვე უნდა დამეწყო, 50 კილოგრამის გადარჩენა ძლივს შევძელი. წყალმა 40-50 ტონამდე კალმახი წაიღო, რომელიც სხვადასხვა ზომის იყო. მაქსიმუმ ერთ თვეში დავიწყებ სამუშაოებს. შემდეგ ლიფისტებს შევიძენ და გავამრავლებ, რომელიც სამ თვეში სარეალიზაციო იქნება. წლის ბოლოს თევზს ბაზარს მივაწვდი“, - განაცხადა გიორგი ღარიბაშვილმა.
შპს "ალგოთი" ადგილობრივ ბაზარს ყოველ წელს 20-30 ტონა კალმახით ამარაგებდა, გაფართოების მიზნით ფერმერმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 83 500 დოლარის სესხზე დაფინანსებაც მიიღო. ამ თანხით 5 ათასი კვ.მ. საკალმახე ავზების მშენებლობა და წარმოების 80 ტონამდე გაზრდა იგეგმებოდა, თუმცა, სტიქიის შემდეგ პროექტით სარგებლობა შეჩერდა.
შპს "ალგოთის“ კუთვნილი საკალმახე მეურნეობა თეთრწყაროს რაიონში, სოფელ საღარაშენში მდებარეობს.

























