მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მერიამ 40 მილიონზე მეტი დახარჯა

575ab31a3be98
BM.GE
10.06.16 16:28
1256
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ერთი წლის ანგარიში წარადგინა.
 
დავით ნარმანიას განცხადებით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია. მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ცოცხალი კოლექციის დიდი ნახილი.

„14 ივნისს, გამთენიიდან დავიწყეთ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები: 480 დაზარალებული მოქალაქე განვათავსეთ სასტუმროებში და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყავით. ასევე, გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავეცით მედიკამენტები, საკვები. 14 ივნისიდანვე დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები. დაფიქსირდა უპრეცედენტო სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეც. სამსახურებთან ერთად, 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილებდა, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ცნობით, სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით - 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები გადმორიცხეს ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბანკებმა, ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადმორიცხულ მოცულობით ფულად სახსრებს, რომელმაც 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერით, 35 ბინის მიღება დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმაც შეძლეს.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დედაქალაქის მთავრობას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა. მათ შორისაა: წყალმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელის აღდგენა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების გატანა, გზების აღდგენა, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება და ა.შ. დიდი პროექტებიდან აღსანიშნავია გმირთა მოედნის და სანაპიროს რეაბილიტაცია, ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში, ახალი ხიდის მშენებლობა ვერეს ხეობაში, საყრდენი კედლის მოწყობა წყნეთის ქუჩაზე, საყრდენი კედლების მშენებლობა წყნეთის გზატკეცილზე და ა.შ. დასრულების ეტაპზეა დაზიანებული გვირაბების რეაბილიტაცია ვერეს ხეობაში. მიმდინარეა - ნატანდამჭერი ცხაურის მშენებლობა ვერეს ხეობაში და კოჯორი-სამადლოს გზის მშენებლობა.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მომზადდა მდ. ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფცია, რომლის თანახმადაც, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, რომლის შემდეგაც დაგეგმილია პარკის მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები