ჯავახეთში, ფარავნის ტბის პირას მდებარე ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ტურისტული ნაკადების აღდგენასთან ერთად პროდუქციის რეალიზაციაც კოვიდამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ამის შესახებ BM.GE-ს მონასტრის მონაზონმა რაქილი ხოსიტაშვილმა განუცხადა.
მონასტერი, რომელიც ჯავახეთში უკვე 35 წელია ფუნქციონირებს, მისი თქმით, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ დააარსა. "მან შეიძინა აქ სახლი, სადაც შემდგომ დედათა მონასტერი ჩამოყალიბდა. საკუთარი თავის სარჩენად საქონელი ვიყოლიეთ და საწყის ეტაპზე, ყველის წარმოება დავიწყეთ", - ამბობს მონაზონი.
რაქილი ხოსიტაშვილის განმარტებით, ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მონასტერში ძირითადად დაძველებული ყველი იწარმოება. "აქ ხანგრძლივი ზამთარია და რბილი იმერული ყველი არ გამოდიოდა, ამიტომ, გადავედით დაძველებაზე. დღეს, 13 ტიპის ყველს ვაწარმოებთ - სხვადასხვა დაძველებითა და ადგილობრივი ალპური ყვავილებით შეზავებით", - აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ასორტიმენტი გაფართოვდა და ყველს სხვა პროდუქტებიც დაემატა. „ვაწარმოებთ ჯემებს ველური კენკრისგან, რომლებიც განსაკუთრებით უხდება დაძველებულ ყველს. ასევე ვაკეთებთ შოკოლადს - კაკაოს მარცვალი ეკვადორიდან ჩამოგვაქვს და სხვადასხვა პროცენტის შოკოლადს ვამზადებთ. გვაქვს საკუთარი თაფლი, ვამზადებთ ლიქიორებსა და არაყებს“, - ამბობს მონაზონი.
მისი ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად მონასტერში ხდება, რადგან წარმოება მცირე მასშტაბისაა. „ონლაინ არ ვყიდით, პატარა, შვიდკაციანი მონასტერია და ბევრს ვერ ვაწარმოებთ. აქვე იყიდება ჩვენი პროდუქცია. სტუმრები როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-დან, ევროპის ქვეყნებიდან და სლავური ქვეყნებიდან გვყავს, თუმცა აზიური ბაზრები ნაკლებად აქტიურია“, - აცხადებს ხოსიტაშვილი. მისი თქმით, პროდუქციის მცირე ნაწილი თბილისში, დოლიძეზე მდებარე მაღაზია „ქართული კალათაში“ ბრენდი "ფოკას" სახელით იყიდება, თუმცა ძირითადი ნაწილი ადგილზე, დედათა მონასტერთან არსებულ მაღაზიაში რეალიზდება.
პანდემიის გავლენაზე საუბრისას მონაზონი აღნიშნავს, რომ კოვიდის პერიოდში საქმიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. „კოვიდამდე ძალიან კარგად იყო ყველაფერი, თუმცა პანდემიის დროს, როგორც ყველგან, ჩვენთანაც შეჩერდა – აღარ მოდიოდნენ მომლოცველები და ტურისტები. ახლა კი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაყიდვები პრაქტიკულად კოვიდამდელ პერიოდს დაუბრუნდა“, – ამბობს ის.
ამასთან, რაქილი ხოსიტაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში პროდუქციის თვითღირებულება გაიზარდა, რაც ფასებზეც აისახა. „ტრანსპორტირების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, ზოგ პროდუქტზე ფასების მცირედი კორექტირება მოგვიწია. ჩვენი პროდუქცია ისედაც შედარებით ძვირია, რადგან ხელით დამზადებული და ნატურალურია, თან შეფუთვაც ხარისხიანია. თუმცა ზოგჯერ გვიწევს ფასების მატება, რადგან რეალურად ყველაფერი ძვირდება“, – აცხადებს რაქილი ხოსიტაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მონასტერში მიმდინარე წელს წარმოების ზრდას არ გეგმავენ. "რაც გვაქვს, გვაკმაყოფილებს. თუმცა, ასორტიმენტს ყოველწლიურად ვამატებთ – მუდმივი პროცესია. მაგალითად, ვხატავთ ხელით ფაიფურზე, გვაქვს მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნოები", – განმარტავს მონაზონი.




























