მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

13 წელია, მთავრობა ფოსტის შესახებ ახალი კანონის მიღებას აანონსებს - პროექტი 2026 წლის გეგმაშიც მოხვდა

საქართველოს ფოსტა

2013 წლიდან საქართველოს მთავრობა ფოსტის შესახებ კანონის მიღებაზე მუშაობს. აღნიშნული კანონპროექტი 2026 წლის მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშიც მოხვდა, რომელსაც მთავრობა პარლამენტს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში წარუდგენს. გეგმა ირაკლი კობახიძემ 30 იანვრის განკარგულებით დაამტკიცა.

როგორც განკარგულების დანართშია აღნიშნული, უნდა მომზადდეს ახალი კანონპროექტი, რომლის მიზანი იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დავალების შესრულება, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს განსახილველად უნდა წარუდგინოს „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

მთავრობა აღნიშნავს, რომ მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) წევრობით და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულების შესრულება და ფოსტის სფეროში ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.

“კანონპროექტის მომზადებისას ასევე გამოყენებული იქნება 2018 წლის 18 აპრილის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია ტრანსსასაზღვრო საამანათო მომსახურების შესახებ და 2018 წლის 20 სექტემბრის კომისიის განმახორციელებელი რეგულაცია, რომელიც ეხება საამანათო მომსახურების ოპერატორების მიერ ინფორმაციის წარდგენის ფორმების დადგენას ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის შესაბამისად. (აღნიშნული სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის ვალდებულება არც „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ და არც ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს).

„ფოსტის შესახებ“ კანონის პროექტი ადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს; მომხმარებელთა უფლებების დაცვას; უნივერსალური საფოსტო მომსახურების ეფექტური და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფას, მისი საყოველთაოობის, საიმედოობის, თანაბარი წვდომის, არადისკრიმინაციულობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სხვა”, - წერია მთავრობის გეგმაში.

თუმცა, სხვა დეტალი არ არის ნახსენები, კონკრეტულად როგორი იქნება ახალი რეგულაციები. ეს ალბათ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ ფოსტის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ბოლოს რამდენიმე წლის წინ განაახლა. 2022 წელს სამინისტროში ამბობდნენ, რომ საბოლოო კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას 2025 წლისთვის გეგმავენ, რომელიც ტრანსსასაზღვრო ამანათებს ეხებოდა. 2024 წელს სექტორის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის უწყებას შორის შეხვედრებიც იმართებოდა. იყო შეუთანხმებელი საკითხებიც. თუმცა კანონპროექტზე მუშაობა საბოლოოდ არ დასრულებულა. როგორც ჩანს, ამ პროცესის დასრულებას მთავრობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები