მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 000 ლარის ეკონომია ორ თვეში - როგორია ერთიანი ცენტრალური გათბობის სფეროში რეგულაციების შედეგები

ვანო მეჭურჭლიშვილი

14 000 ლარით შემცირებული გადასახადი მხოლოდ ორ თვეში - ეს არის იმ ახალი რეგულაციის ერთ-ერთი პირველი შედეგი, რომელმაც გათბობის სექტორში ერთიანი ცენტრალიზებული სისტემების დანერგვამ განაპირობა - ამის შესახებ BMG-სთან სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, 2024 წლის შემოდგომაზე ძალაში შესულმა ცვლილებებმა უკვე მისცა საშუალება თბილისის ახალი, მრავალბინიანი კორპუსების გარკვეულ ნაწილს, კომუნალური ხარჯები გაენახევრებინათ. საუბარია მრავალბინიან შენობებში გათბობის საერთო სისტემის დამონტაჟებაზე, რაც სემეკის განმარტებით, ინდივიდუალურ გათბობის სისტემაზე ბევრად უფრო ხარჯთეფექტური და უსაფრთხოა.

„შემიძლია კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ: დეკემბერი-იანვრის პერიოდში იმ კორპუსმა, რომელიც თბილისში იყო ჩართული და ამ სისტემით სარგებლობდა, 11 000 კუბი გაზი მოიხმარა და დაერიცხა 7 000 ლარი. წინა რეგულაციის მიხედვით, მათ 14 000 ლარის გადახდა მოუწევდათ. შესაბამისად, საერთო ჯამში, ამ ორ თვეში მობინადრეებმა 14 000 ლარის ეკონომია გააკეთეს, რაც ნიშნავს, რომ თვეში საშუალოდ 7 000 ლარი დაზოგეს. ეს ჯერჯერობით ყველაზე დაბალი ციფრებია, რაც გვაქვს" - ამბობს ვანო მეჭურჭლიშვილი BMG-სთან.

მისი განმარტებით, ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მოგვარდა სამი ძირითადი პრობლემა: საფასური (ტარიფი), მომსახურე ორგანიზაციის სტატუსი და დარიცხვის მეთოდოლოგია.

„აქამდე შემაფერხებელი გარემოება იყო პირველ რიგში საფასური. კორპუსებში არის ე.წ. შერეული მოხმარება - ბინები და არასაყოფაცხოვრებო ფართები, მაღაზიები პირველ სართულზე. საერთო სისტემის დაყენებისას მათ ორმაგი საფასურის გადახდა მოუწევდათ, რადგან არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხებოდათ. ახლა კი, ჭკვიანი მრიცხველებით ხდება ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა და საყოფაცხოვრებო ტარიფის დარიცხვა. არანაირი საერთო თანხის გადახდა არავის მოუწევს. თუ ბინა დაკეტილია, მრიცხველი არ დააფიქსირებს მოხმარებას და მესაკუთრეს გადახდა არ მოუწევს” - ამბობს ვანო მეჭურჭლიშვილი.

მისივე ცნობით, ინდივიდუალური გათბობის ქვაბები უფრო ხარჯიანი და რისკების შემცველია, ხოლო, ცენტრალიზებულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, არსებული პრობლემები იხსნება.

„გათბობის სისტემა ინდივიდუალურ ბინებში თავისთავად ძალიან მაღალი რისკის მატარებელია. შედეგად ვიღებთ სურათს, რომ ერთ კორპუსში, სადაც 50 ბინაა, გვაქვს 50 საქვაბე, ანუ 50 გაზის კამერა. მათი ექსპლუატაცია ძალიან რთულია. ნებისმიერ გაზის კამერას, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს, შეიძლება გარკვეული ქარხნული წუნი ჰქონდეს. ჩვენ ერთ კორპუსში გვაქვს იმდენი საქვაბე, რამდენიც განვითარებული ქვეყნის ერთ მთლიან დაბაში შეიძლება არ იყოს. ევროპაში ცენტრალური გათბობა ისეთივე დარგია, როგორც ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზი ან სასმელი წყალი.“

ახალი რეგულაცია არა მხოლოდ გაზის მოხმარების ოპტიმიზაციას, არამედ განახლებადი ენერგიების ათვისებასაც ითხოვს. მეჭურჭლიშვილის თქმით, საქართველოს კლიმატური პირობები მზის ენერგიის გამოყენების იდეალურ შესაძლებლობას იძლევა, რაც განსაკუთრებით ეფექტურია წყლის გასაცხელებლად.

„წარმოიდგინეთ, ზაფხულში, როდესაც გარეთ 40 გრადუსი სიცხეა, ჩვენ გაზი შემოგვაქვს, იმპორტს ვაკეთებთ აზერბაიჯანიდან და რამხელა ინფრასტრუქტურა ემსახურება ამას მხოლოდ იმისთვის, რომ ცხელი წყლით ხელი დავიბანოთ. ეს ალოგიკურია, როცა მზის ენერგია ჭარბად გვაქვს. მზის კოლექტორები ათჯერ უფრო იაფია, ვიდრე ელექტროენერგიის გამომუშავებელი მზის პანელები. თუ მზის პანელის ენერგოეფექტურობა 40%-მდეა, მზის კოლექტორების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებს. ძველ თბილისში სასტუმროებს რომ შევხედოთ, ყველას უყენია ეს კოლექტორები”

სემეკის წარმომადგენლის ინფორმაციით, სისტემაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა იზრდება და პროცესი მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. დღეისთვის, ხელშესახები მაგალითები უკვე არსებობს ბათუმსა და ბაკურიანშიც.

ამასთან, სემეკის ცნობით, მომხმარებლების მოთხოვნამ და აქტიურობამ ბაზარზე შესაბამისი სუბიექტების გაჩენა გამოიწვია. დღეს უკვე ნებისმიერ პირს, ფიზიკურს, იურიდიულს თუ მომსახურე ორგანიზაციას, შეუძლია დარეგისტრირდეს აღნიშნული სისტემის ოპერატორად.

ვანო მეჭურჭლიშვილის განცხადებით, სემეკი განაგრძობს პროცესის ზედამხედველობას, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ენერგოეფექტურობა და შემცირდეს გაზზე დამოკიდებულება, რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეების ჯიბეზე დადებითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები