ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ [Eurocontrol] გასული წლის ევროპული ავიაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ევროპაში საჰაერო ტრაფიკი 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა.
ჯამში რეგიონში გასულ წელს 9.3 მლნ ფრენამდე შესრულდა, რაც 2021 წელთან შედარებით 3.1 მლნ-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის ნიშნულს თითქმის 2 მლნ-ით ჩამოუვარდება.
ორგანიზაციის შეფასებით, გასული წლის დასაწყისში სექტორისთვის შოკი ჯერ ომიკრონის გავრცელება, ხოლო შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი იყო, რამაც ეკონომიკის ბევრ სექტორზე, მათ შორის ავიაციაზე იქონია გავლენა. აღდგენის კარგი მაჩვენებელი [85%] ევროპის ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ჰქონდათ. რეგიონის ორმა მსხვილმა კომპანიამ Ryanair-მა და Wizz Air-მა პანდემიამდე ნიშნულს შესრულებული ფრენების რაოდენობით გადააჭარბეს.
წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაციამ უცვლელად დატოვა ავიაციის აღდგენის პროგნოზი. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ავიაციის აღდგენა 2023 წელსაც გაგრძელდება და ფრენების რაოდენობა პრეპანდემიურ დონეს, 92%-ს მიაღწევს, ხოლო სრული აღდგენა უკვე 2025 წელს იქნება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისში Eurocontrol ავიაციის აღდგენას 2024 წელს ვარაუდობდა.
“უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მიუხედავად, სექტორმა საკუთარი რეზისტენტობა აჩვენა. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ ევროპის საჰაერო ტრაფიკი სრულად 2025 წელს აღდგება”,-აცხადებს Eurocontrol-ის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი.
რაც შეეხება უშუალოდ მაჩვენებლებს, 2022 წელს სტამბოლის აეროპორტი ლიდერობს, საიდანაც დღიურად საშუალოდ 1156 რეისი სრულდებოდა. მეორე ადგილზეა 1140 შესრულებული რეისით ამსტერდამის აეროპორტი, ხოლო მესამეზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, საიდანაც გასულ წელს საშუალოდ 1122 ფრენა შესრულდა, ფრანკფურტი [1048 ფრენა] და ლონდონის [1042] აეროპორტი.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ფრანკფურტის აეროპორტმა, რომელიც პანდემიამდელ პერიოდში ევროპის აეროპორტებს შორის ლიდერობდა, დრიურად თითქმის 400 ფრენა დაკარგა. შედეგად 2022 წლის რეიტინგში ის მეოთხე ადგილს იკავებს.
სტამბოლის ახალი აეროპორტი, რომელიც გასული წლის ლიდერია, 2018 წელს გაიხსნა და სრული ოპერირება ერთი წლის შემდეგ დაიწყო. თურქული მხარის ინფორმაციით, აეროპორტს წლიურად 90 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია, თუმცა სრულად ამუშავების შემდეგ 200 მლნ მგზავრსაც მოემსახურება. თურქული გამოცემა Dailysabah-ის ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობის ოთხივე ფაზის დასრულება 2028 წელს იგეგმება.
რაც შეეხება ყველაზე მსხვილ ავიაკომპანიებს, ევროპაში შესრულებული ფრენებით Ryanair ლიდერობს, რომელმაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 9%-ით გადააჭარბა. Eurocontrol-ის მონაცემებით, 2022 წელს ბიუჯეტური ავიაკომპანია დღიურად საშუალოდ 2536 ფრენას ასრულებდა.
- მეორე ადგილზეა easyJet, რომელიც გასულ წელს დღიურად საშუალოდ 1335 ფრენას ასრულებდა, რაც 20%-ით ჩამორჩება პანდემიამდე ნიშნულს;
- მესამე ადგილზეა Turkish Airlines 1245 შესრულებული ფრენით, რაც 7%-ით ნაკლებია პანდემიამდელ მაჩვენებელზე;
- მეოთხე ადგილს Lufthansa იკავებს 1058 ფრენით, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 29%-ით ნაკლებია;
- მეხუთე ადგილზე კი Air France-ია დღიურად 953 შესრულებული ფრენით, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 20%-ით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ ამ ხუთეულიდან სამი ავიაკომპანია Turkish Airlines; Lufthansa და Air France საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებენ. მათგან გადაყვანილი მგზავრების მიხედვით Turkish Airlines ლიდერობს. ქართული ავიაბაზრის კიდევ ერთი ლიდერი ავიაკომპანია Wizz air ევროპის ბაზარზე მე-7 ადგილს იკავებს, ავიაკომპანია გასულ წელს დღიურად საშუალოდ 672 ფრენას ასრულდებდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.
გასული წელს მსოფლიო ავიაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ავიაბილეთებზე გაზრდილი ფასია. Eurocontrol-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ავიაბილეთებზე ფასი წლიურად 14%-ით გაიზარდა. ორგანიზაციის განცხადებით, ბილეთებზე ფაზის ზრდამ პიკს ივლისში მიაღწია, როცა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასი თითქმის 30%-ით იყო გაზრდილი.
რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციამ ენერგორესურსებზე ფასი გაზარდა, რამაც თავის მხრივ ინფლაციის ზრდა გამოიწვია. მაღალ ინფლაციას გავლენა ჰქონდა ავიაციის სექტორზეც, განსაკუთრებით გაიზარდა საავიაციო საწვავის ფასი, რომელსაც ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი აქვს. ამის გათვალისწინებით Eurocontrol ავიაციისთვის გასული წლის მთავარ გამოწვევად საწვავზე გაზრდილ ფასს ასახელებს.
ომის დაწყებიდან მალევე საავიაციო საწვავზე ფასი რეკორდულად გაიზარდა. კიდევ ერთი გამოწვევა სექტორისთვის გასულ წელს მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნაა, განსაკუთრებით მაისის თვეში. ორგანიზაცია წერს, რომ კადრების ნაკლებობამ, ავიაკომპანიებისა და აეროპორტების თანამშრომლების გაფიცვამ ფრენების დროულად შესრულების ნაწილში სერიოზული შეფერხება გამოიწვია.
რაც შეეხება საქართველოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჯერჯერობით ავიაციის 2022 წლის აღდგენის მაჩვენებლები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტის 2022 წლის მაჩვენებლები ცნობილია. აღდგენის ყველაზე მაღალი ედეგი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. შემდეგ კი ქუთაისის აეროპორტი მოდის. ჯამში სამივე აეროპორტი წელს 4.4 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 2 998 566 მგზავრი [81%]
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 616 885 მგზავრი [99%]
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 822 486 მგზავრი [94%]