საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი კალი, თავისუფალია. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.
ბელა მეი კალი სასამართლოსთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 5 თვისა და 24 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც დაკავების დღიდან უკვე მოხდილად ჩაეთვალა.
გარდა ამისა, ბრალდებულს დამატებით დაეკისრა 500 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ბელა მეი კალი, რომელიც ორსულობის 35-ე კვირაში იმყოფება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მის ბარგში 12 კილოგრამი (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კილოგრამი (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს.
დაკავებამდე კალი აცხადებდა, რომ ნარკოტიკების საქართველოში შემოტანა წამებით აიძულეს.
საპროცესო შეთანხმების შესახებ BBC-მ 28 ოქტომბერს დაწერა.
ფოტო IPN




























