14:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ბრფინგზე გაკეთდება განცხადება დავით სერგეენკოს მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ.
ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაცია, რა გახდა სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, არ არსებობს.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც სერგეენკომ განაცხადა, გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ და შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრთან ერთად ოფიციალურად დღეს გაკეთდება. ამასთან, სერგეენკო ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.
„ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთოთ განცხადება ამის შესახებ. თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. მე დავრჩები გუნდში, იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისთვის არის ყველაზე ძვირფასი.
სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ მე, არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“, - განაცხადა სერგეენკომ.

























