"15-დან 24 წლამდე ასაკის მოქალაქეებიდან ყოველი მეოთხე არც სწავლობს და არც მუშაობს; ამასთან, დამწყებ პოზიციებზე ვაკანსიების, დაახლოებით, 60% არ მოითხოვს უმაღლეს განათლებას, ხოლო ჩვენი შეფასებით, დასაქმებულთა უმეტესობა დაბალპროდუქტიულ, დაბალანაზღაურებად სექტორებშია კონცენტრირებული", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც განათლების სექტორს ეხება.
კვლევის თანახმად, დასაქმებულთა მხოლოდ 13% მუშაობს საკუთარი პროფესიით.
"უმაღლესი განათლება საქართველოში დასაქმების შანსს უმნიშვნელოდ ზრდის და სახელფასო დანამატს მცირედით აუმჯობესებს. დაბალი უკუგების მიზეზები კომპლექსურია: უმაღლესი განათლების სისტემა ჭარბი რაოდენობის კურსდამთავრებულებს აწვდის ეკონომიკას, სადაც მოთხოვნა მაღალია დაბალი კვალიფიკაციის მქონე, დაბალანაზღაურებად პერსონალზე.
სკოლისა და უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულები იღებენ არაინფორმირებულ გადაწყვეტილებებს კარიერის დაგეგმვაში; ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ხდება საჭირო უნარების გამომუშავება. შედეგად, ქართველ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე მაღალია, მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა დასაქმებულების პროფესიებსა და დაკავებულ პოზიციებს შორის და მაღალია თვითდასაქმების დონე“, - ნათქვამია კვლევაში.