მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 იანვარს, 15:00 საათზე არის გამაფრთხილებელი, მშვიდობიანი გაფიცვა - ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

ფინანსისტი და ბიზნესის მრჩეველი ნიკოლოზ შურღაია აცხადებს, რომ 15 იანვარს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დაანონსებული გაფიცვა გამაფრთხილებელი, მშვიდობიანია.

მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა და როგორც ბიზნესმა, ასევე მომხმარებლებმა მსხვერპლი უნდა გაიღონ.

„სამწუხარო ვითარებაში ვართ. შესანიშნავი ახალგაზრდები არიან დაპატიმრებული. ამას გარდა, ქვეყანა მარწუხებშია მოქცეული და სულს გვიხუთავენ. ყელზე აქვთ ფეხი დაბიჯებული და მოდი მელაპარაკეო, მოლაპარაკებებში შემოდიო გვეუბნებიან. აიღე ფეხი, მომეცი საშუალება რომ ავდგე და მერე ვილაპარაკოთ.

გვინდა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოვიდეთ. ასეთი ვითარებაა, რომ ერთი მხრივ ტირანიის ხიფათი გვაქვს და მეორე მხრივ - ქაოსის. სამართალი მიისაკუთრეს, ერთი რაც დაგვრჩა, გამოვდივართ, მშვიდობიან პროტესტს გამოვხატავთ, მაგრამ [ბიძინა ივანიშვილს] არ ესმის, არ გრძნობს, არ ხედავს და რახან ეს არ მოქმედებს, ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ, რაღაც უნდა შევცვალოთ. ეს არა არის სოციალური გაფიცვა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს უჭირს. რეალურად, ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ეს არის გამაფრთხილებელი, მშვიდობიანი გაფიცვა, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ისეთი დროა შერჩეული, რომ ზიანი ნაკლები იყოს. ვთქვათ სავაჭრო ქსელებისთვის, ეს ყველაზე აქტიური დროს არაა. მეორე მხრივ, ქრისტიანული რელიგიის, ნებისმიერი სპორტის, აზროვნების მთავარი კონცეფცია ისაა, რომ რაღაც მსხვერპლს გავიღებ ახლა, რომ მივიღო მერე. ბიზნესს ვთხოვთ ამას, შესწირეთ ეს თქვენი სამი საათი. ვიცი, რომ ადვილი არაა, საწარმოო პროცესებია, გონივრულად უნდა გავაკეთოთ. მომხმარებლებო, ჩვენც გავიღოთ მსხვერპლი და ბიზნესო - ჩვენც გავიღოთ, რომ ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] გავაგებინოთ, საშინელ დღეში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა. გავლილი გვაქვს 90-იანების ქაოსი და საბჭოთა საშინელი ტირანიაც, არც ერთი გვინდა. ქართველები სულით თავისუფალი ხალხი ვართ და ამ თავისუფლებისთვის ვიბრძვით. სწორედ თავისუფლება ქმნის მატერიალურ კეთილდღეობას“,- ამბობს ნიკოლოზ შურღაია.

მისივე თქმით, პროტესტი და გაფიცვა უნდა გაგრძელდეს.

„ქართველ ხალხს კრეატიულობა არ აკლია. აქ ჩემი აზრით, ასე უნდა მოვიქცეთ, [ბიძინა ივანიშვილი] შუშის სასახლეში ზის და ჩვენი არ მოისმინა, ჩემია ეს ქვეყანაო და აკეთებს თავისას ხო. ჩვენ როგორღაც უნდა გავაგებინოთ და ვეუბნები, ნაკლები ტკივილით გაიგე, ჩვენ აქ ვართ მილიონები, 1.2 მილიონ ხმას რომ იწერ, იცი რომ არ გაქვს და მიიწერე, ნუ გვატყუებ, არ ვართ ბრიყვები. ტრიუკები ჩვენც ვიცით, უბრალოდ არ გვიყვარს ბინძური ტრიუკები“,- აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ.

ცნობისთვის, 15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლების და დასაქმებულების საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა. 3 საათის განმავლობაში დროებით დაიკეტება ობიექტების კარი და გაფიცვას შეერთებული ადამიანები გარეთ დადგებიან. ამ გზით ისინი გამოხატავენ, თუ რა გველის იზოლაციის პირობებში: გაჩერებული ეკონომიკა, დაკეტილი ბიზნესი, სიღარიბე და უმუშევრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები