მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 მაისიდან "ტექნო ბუმი" Hyundai-ს პროდუქციით შიდა განვადებებს დაიწყებს

5ccad2882d4b2
ლიკა გურაბანიძე
02.05.19 15:30
2011
15 მაისიდან კომპანია „ტექნო ბუმი“ ბაზარზე შიდა უპროცენტო განვადებას დაიწყებს, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შიდა განვადების სერვისი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, პროდუქცია ბანკის გვერდის ავლით, შიდა განვადებით შეიძინონ.

ქოქოლაძის თქმით, ამ ეტაპზე განვადებების სისტემა მხოლოდ Hyundai-ს ბრენდზე ამოქმედდება და მას ეტაპობრივად სხვა ბრენდებიც შეემატება.

„ამ ეტაპზე, სხვა მომწოდებლებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად დაემატება, რადგან ახალი სისტემით საცალო ქსელი თანხის მოძიებას მომწოდებლის გარეშე ვერ მოახერხებს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მომწოდებელი კომპანია Hyundai-ა“, - განაცხადა ქოქოლაძემ.

მისივე თქმით, განვადების ხელშეკრულება უშუალოდ „ტექნო ბუმსა“ და მომხმარებელს შორის გაფორმდება და მისი ვერდაფარვის შემთხვევაში, კომპანია სესხს/განვადებას ე.წ. კოლექტორულ კომპანიებზე გადაყიდის, რის შესახებაც კლიენტი განვადების ხელშეკრულების გაფორმებისას იქნება ინფორმირებული.

bm.ge-ის კითხვაზე - რამდენად ჯდება აღნიშნული 1 იანვრიდან ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესებში, რომლის თანახმად, შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის გაცემა აკრძალულია? – „ტექნო ბუმის“ ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ „ეს არაა ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ მყოფი გარიგება" და შესაბამისად, ამ თემაზე სებ-თან კომუნიკაციაც არ ჰქონია.

განვადების დამტკიცების პროცედურა 5-10 წუთი გაგრძელდება და ძირითადად, საკრედიტო ისტორიას მიენიჭება მნიშვნელობა.

კომპანია „ტექნო ბუმმა“ ტექნიკის ბაზრისთვის შიდა განვადების შეთავაზება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების გამო, პროდუქციის გაყიდვებმა შემცირების ტენდენცია აჩვენა.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, „თუ ამ ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნებათ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც გავრცელდეს რეგულირების ის პირობები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს“.

“თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული, იქნება სესხის ხასიათის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით თუ იგივე და გათანაბრებულ პროდუქტებზე იქნება საუბარი. ჩვენ დავაკვირდებით იმას თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და შესაბამის ზომებს მივიღებთ იმისდა მიხედვით, თუ რა ზომა იქნება და რა გაქანება ექნება ამ მიმართულებას", - განაცხადა გვენეტაძემ bm.ge-თან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამომხმარებლო სესხების შემცირების მიმართულება რაც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა, სრულ თანხვედრაშია ეროვნული ბანკის ხედვასთან.

“პირველი კვარტლის შედეგებს თუ შევხედავთ, მიმართულება, რომელიც დღეს არის, არის ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენ ვფიქრობდით, თუმცა ერთი კვარტალიდან ამ დასკვნების გაკეთება ნამდვილად არ არის საკმარისი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაკვირვება. თუ შედეგებზე ვისაუბრებთ, დიახ, არის სამომხმარებლო სესხების შემცირება.  ჩვენ ზუსტად ამას ვამბობდით, რომ სამომხმარებლო სესხები აბსოლუტურად არაჯანსაღად იზრდებოდა, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ის შედეგები, რასაც ჩვენ მოველოდით. კერძოდ, გადამისამართება სამომხმარებლო სესხებიდან ბიზნეს სესხებში, ეს არის ის ცალსახა ტრენდი, რაც გამოიკვეთა", - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები