გარემოს ეროვნული სააგენტო 15 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში კი აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში ნალექი დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ასევე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
გარდა ამისა, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება;
- გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება;
- ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა.
უწყების შეფასებით, მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საფრთხის დონე საშუალოა.
























