„ვინივერიას“ და „ჯანიანის“ ღვინის ექსპორტი 9 თვეში 25%-ით შემცირდა. ღვინის მწარმოებელი კომპანიების თანადამფუძნებელი გია პირადაშვილი BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ექსპორტის კლების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ მათ წელიწად-ნახევარია ღვინო რუსეთში არ გაუყიდიათ.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ღვინის მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ქართული ღვინის საშუალო ფასი საკმაოდ დაბალია და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც „ვინივერიას“ და „ჯანიანის“ ღვინოების ექსპორტი ამ მიმართულებით შემცირდა ესეც არის.
„სამწუხაროდ, ჩვენი მთავარი ბაზარი დღეს ისევ რუსეთია და ნაკლებს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მთავარი ბაზარი ევროპის ნახევარმილიარდიანი ბაზარი, ან ამერიკის უზარმაზარი ბაზარი იყოს, რომლებიც მსოფლიოში ღვინის ექსპორტის ტრადიციული ბაზრებია, თუმცა არა ჩვენთვის.
ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევიცვალოთ ვექტორი და არ დავემსგავსოთ ერთ ტოტზე ჩამოკიდებულ არსებას, რომელიც ჩამოტეხვას ელოდება. უკვე წელიწად-ნახევარია ჩვენი პროდუქცია რუსეთში არ გადაგვიზიდია, უბრალოდ ვერ მოვრიგდით და ვერ შევთანხმდით იმ კრიტერიუმებზე, რომელიც ჩვენთვის ხელსაყრელი იქნებოდა. მათ შორის არის ფასიც. რუსეთში წელს 9 თვეში 40 მლნ ბოთლზე მეტი გაიყიდა და 120 მლნ დოლარი მივიღეთ. მარტივი არითმეტიკით გაყიდული ღვინის საშუალო ფასი ძალიან დაბალია, ეს არ აძლევს საექსპორტო კომპანიების იმის მოლოდინის საშუალებას, რომ ამ მიმართულებიდან ქვეყანაში დიდი კაპიტალი შემოვა. ჩვენი [ვინივერიას და ჯანიანის] საშუალო ფასი 5.5 დოლარიდან იწყება, ასე რომ საჭიროა უფრო სერიოზული, უფრო მყარი და გაგებულ ბაზარზე კონცენტრირება, სადაც ესმით რა არის ღვინო და სადაც ეძებენ ხარისხს და ამ ბაზრისკენ უნდა მივმართოთ ჩვენი მარკეტინგული აქტივობები“, - განმარტა გია პირადაშვილმა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის „ვინივერიას“ და „ჯანიანის“ ღვინოები 22 ქვეყანაში იყიდება და კომპანიების საექსპორტო პოზიციებს ამერიკის, გერმანიის და ჰოლანდიის ბაზრებზე ააქტიურებენ.
„9 თვეში ღვინის გაყიდვები საერთაშორისო ბაზრებზე, ისევე როგორც ყველას, დაახლოებით 25%-ით შემცირდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება გერმანიით, ჰოლანდიით და ამერიკით დავიწყეთ, ახლა გაყიდვების გაზრდაზე საუბარი არ გვაქვს. მთავარია დავეწიოთ იმ ნიშნულს, რომელიც ბაზრის მიმოხილვაში რუსეთთან ერთად გვქონდა.
დღეისთვის ყველაზე დიდი აქტივობა ამერიკის მიმართულებით გვაქვს. ამერიკაში ჩვენი ღვინის ექსპორტი მხოლოდ დასავლეთ სანაპიროზე გვქონდა, ახლა კი აღმოსავლეთ მხარის ათვისება - ნიუ იორკსა და ჩიკაგოში დავიწყეთ. ბოლო კვარტალი ძალიან კარგი გვაქვს. ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში უკვე მეორე კონტეინერს ვაგზავნით და ღვინის მრავალფეროვნებასაც ვზრდით - თავიდან მხოლოდ „ვინივერიათი“ დავიწყეთ, ახლა კი მცირე რაოდენობით „ჯანიანიც“ ჩაერთო“, - ამბობს ღვინის კომპანიების თანადამფუძნებელმა.





























