მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„150%-ით გაზრდილი ბრუნვა და გაორმაგებული წარმადობა“ - რა შედეგებით დაასრულა „ჯორჯიან ფექეჯინგმა“ 2022 წელი?

63d922b434e67
თინათინ ნატმელაძე
31.01.23 21:34
813
კომპანია „ჯორჯიან ფექეჯინგმა", რომელიც ქაღალდის შესაფუთი მასალების მწარმოებელია, 2022 წელი 150%-იანი ზრდითა და გაორმაგებული წარმადობით დაასრულა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვერონიკა გოგოხიამ BM.GE-თან თქვა, რომ „ჯორჯიან ფექეჯინგი" 2019 წლის ნიშნულს ჯერ კიდევ 2021 წელს დაუბრუნდა.

„გასული წელი, როგორც ყველა სხვა კომპანიისთვის, ჩვენთვისაც გამოწვევებით იყო სავსე, ამის მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებები გვქონდა. პირველ რიგში, გადავედით ახალ საწარმოში და ძალიან მაღალი დონის სურსათის უვნებლობის აუდიტი ჩავატარეთ. რაც შეეხება წარმადობას, თუ წინა წლებში ვამბობდით, რომ წლიურად 60 მილიონი ქაღალდის ჭიქის წარმოება შეგვეძლო, ახლა 120 მილიონ ერთეულს ვაწარმოებთ, ეს არ არის მხოლოდ ჭიქების შემთხვევაში, ეხება ყველა სახეობის შესაფუთ მასალას. ყველა განხრით გაორმაგებული წარმადობა გვაქვს, მიმდინარე წელს კი აღნიშნული რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას ვგეგმავთ. ზრდა გვქონდა რეალიზაციის კუთხითაც. 2019 კარგი წელი იყო, 2020 წელი კი პანდემიის გამო ძალიან რთული, რაც შეეხება 2021 წელს, ჩვენი კომპანია 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო გასულ წელს 2021 წლის შედეგი 2.5-ჯერ გაიზარდა და საერთო ჯამში, ბრუნვა 150%-ით გაიზარდა,“ - განაცხადა ვერონიკა გოგოხიამ.

მისივე ცნობით, „ჯორჯიან ფექეჯინგის“ წარმოებული პროდუქცია ქართული ბაზრის გარდა მეზობელი ქვეყნების ბაზრებზეც იყიდება.

„ჩვენი წარმოებული შესაფუთი მასალები ექსპორტზე სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში გადის. მათთვის ქართული წარმოების პროდუქცია არამხოლოდ მისაღები, არამედ აუცილებელია, ხარისხობრივად, ლოჯისტიკურად, ფინანსურად მომგებიანია და ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი წარმოშობის სერთიფიკატით ეს ქვეყნები იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდებიან, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ თურქეთიდან ან ევროპიდან მიღებული საქონლით. ექსპორტის წილი ჩვენს რეალიზებაში ამ ეტაპზე მცირეა, თუმცა მიმდინარე წლიდან ამის გაზრდა იგეგმება. დაინტერესებაა ევროპის ქვეყნებიდანაც და ჩვენ ყველა ბაზრისთვის მზად ვართ,“ - განმარტავს „ჯორჯიან ფექეჯინგის“ დირექტორი.

რაც შეეხება გამოწვევებს, გოგოხია გვიყვება, რომ ნედლეულის, გადასახადებისა და ლოჯისტიკის ხარჯების ზრდამ, კომპანია მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა, მაგრამ ჯერ-ჯერობით პროდუქციის საფასურის შენარჩუნებას ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან ფექეჯინგი" ამჟამად 170 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები