„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გარემოსდაცვით პროექტებზე მუშაობას განაგრძობს და ამჯერად ბახმაროში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული.
როგორც კომპანიის გარემოს დაცვის მენეჯერმა, გივი კალანდაძემ BM.GE-სთან განაცხადა, კურორტ ბახმაროში ჯამში 150 ერთეული კასრის ჩატანა იგეგმება, რომლებიც ნაგვის ურნებად ადაპტირდება და სეპარირებული ნარჩენების შეგროვებას მოემსახურება. კასრების ნაწილი ბახმაროს უკვე ჩაბარდა, დანარჩენი ნაწილი კი ეტაპობრივად მიეწოდებათ.
კალანდაძის ინფორმაციით, პროექტის ინიციატორი კომპანიის ხელმძღვანელი თემურ ჭყონიაა, რომელმაც იმსჯელა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ერთჯერადი დანიშნულების მქონე კასრებს ახალი, ფუნქციური სიცოცხლე მიეცეს და თავიდან აეცილებინა მათი ნაგავსაყრელზე მოხვედრა. გივი კალანდაძე დასძენს, რომ ამგვარი პროექტი რუსთავში უკვე ხორციელდება, ახლა კი ბახმაროდან წამოსული დიდი მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პროექტი გაეფართოებინა და კასრები ბახმაროშიც ჩაეტანა.
„ეს კასრები თავდაპირველად კოკა-კოლას პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. ახლა კი, მათ ადაპტირებას ვახდენთ ისე, რომ გახდეს მოსახერხებელი და უსაფრთხო ნარჩენების სეპარირებული ჩასაგდებად. კასრებს ვუყენებთ სპეციალურ ღრუს, რათა მოსახლეობამ უსაფრთხოდ გამოიყენოს ისინი, აგრეთვე ვამატებთ დამცავ რეზინის ზოლს“, – ამბობს გივი კალანდაძე.
კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას ასევე გადასცემს პარკებს, რაც ნარჩენების ჰიგიენურ შეგროვებას უზრუნველყოფს. სავსე პარკის ამოღების შემდეგ მომხმარებელი ახალს პარკს ჩააფენს, რაც სისტემის გამართულ მუშაობას ხელს შეუწყობს.

გივი კალანდაძე ამბობს, რომ თუ სხვა რეგიონებიდან ინტერესი გაჩნდება, კომპანია მზად არის პროექტის გაფართოებისთვის და დანერგილი პრაქტიკის გასაგრძელებლად.
„ჩვენი მიზანია, ამგვარი ინიციატივებით როგორც გარემოზე ზრუნვა, ისე კომპანიის ნარჩენების მდგრადად მართვა შევძლოთ“, – აღნიშნა კალანდაძემ.




























