მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$150-მილიონიანი რაუნდის შემდეგ, ენების შესასწავლი პლატფორმა Preply "იუნიქორნ სტარტაპად" იქცა

preply

უკრაინაში დაფუძნებულმა ენების შესასწავლმა პლატფორმა Preply-მ D სერიის დაფინანსების რაუნდში 150 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. შედეგად, კომპანიის ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - წერს უკრაინული მედია.

აღნიშნული გარიგებით Preply იმ მცირერიცხოვან უკრაინულ სტარტაპებს შეუერთდა, რომელთა ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აღემატება, რასაც ტექნოლოგიურ სფეროში "იუნიქორნს" უწოდებენ.

ინფორმაცია უკრაინულმა მედიაგამოცემა Scroll-მა გაავრცელა. კომპანიამ დაფინანსების მიღება დაადასტურა და LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამ მოვლენას "მნიშვნელოვანი ეტაპი" უწოდა.

Preply 180 ქვეყანაში 100 000-ზე მეტ რეპეტიტორს მოსწავლეებთან აკავშირებს და მომხმარებელს 90-ზე მეტ ენაში ინდივიდუალურ გაკვეთილებს სთავაზობს.

კომპანიამ კაპიტალი ბოლოს 2023 წლის ივლისში მოიზიდა, როდესაც C სერიის ფარგლებში 70 მილიონი დოლარი მიიღო. იმ დროისთვის, გარიგების დეტალების მცოდნე წყაროები Preply-ს შეფასებას 500-დან 600 მილიონ დოლარამდე ვარაუდობდნენ, თუმცა კომპანიას ეს ციფრი საჯაროდ არ დაუდასტურებია.

Preply ახალი კაპიტალის გამოყენებას ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, პროდუქტისა და საინჟინრო გუნდების გასაზრდელად და გლობალური მასშტაბით გაფართოებისთვის გეგმავს.

კომპანია პლატფორმის გაუმჯობესებას ადამიანური სწავლებისა და AI ინსტრუმენტების კომბინირებით აპირებს, რაც მოსწავლეებს პროგრესის თვალყურის დევნებაში, ხოლო რეპეტიტორებს გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.

Preply, რომლის სათავო ოფისი ბარსელონაში მდებარეობს, 10-ზე მეტი წლის წინ კიევში, უკრაინელი მეწარმეების - კირილო ბიჰაისა და დმიტრო ვოლოშინის მიერ დაფუძნდა.

Scroll.media-ს ცნობით, C სერიის რაუნდის შემდეგ Preply-მ დასაჯავშნად ხელმისაწვდომი რეპეტიტორების რაოდენობა გაასამმაგა და პლატფორმას 40-ზე მეტი ახალი ენა დაამატა.

ფინანსურ საკითხებში ჩახედულმა წყაროებმა Scroll.media-ს განუცხადეს, რომ გასულ წელს კომპანიამ გააუმჯობესა EBITDA-ს მაჩვენებელი (მოგება პროცენტების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე, რაც საოპერაციო მოგებიანობას ზომავს) და დადებით EBITDA-ს მიაღწია.

Preply-ს მხარდამჭერია ასევე Horizon Capital-ი; ეს ინვესტიცია ფირმის მეოთხე ფონდიდან განხორციელებული პირველი გარიგებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები