თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-სთვის ხელშეკრულების 2031 წლამდე გახანგრძლივება და დაგეგმილი 150-მილიონიანი ინვესტიცია კითხვებს აჩენს დარგის სპეციალისტებში.
GASA-ს დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი შენგელია მიიჩნევს, რომ 4-წლიან პერიოდში ასეთი მოცულობის თანხის დაბანდება ბიზნესს ლოგიკას ნაკლებად შეესაბამება, თუკი კომპანია ბაზრის დატოვებას აპირებს.
შენგელიას თქმით, თბილისის აეროპორტი დღეს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას, რაც პირდაპირ აისახება ავიაკომპანიების ოპერირებაზე.
“როდესაც ჩვენი ავიაკომპანიებისთვის დამატებითი რეისებისთვის ნებართვების მოპოვება გვჭირდება, უკვე თბილისის აეროპორტიდან ძალიან ხშირად მოდის უარი, იმიტომ რომ ამა თუ იმ დროს, როცა მოთხოვნილია რეისი, ამ დროს რაღაც მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი ან სარეგისტრაციო დახლები საკმარისი რაოდენობით, ან პირიქით მოფრენის ხიდები და ასე შემდეგ. შესაბამისად პასუხი არის ცალსახად, რომ ნამდვილად თბილისის აეროპორტი საჭიროებს გაფართოებას.
თბილისის არსებული აეროპორტის განვითარებაში რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი იყო დამატებითი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის შეუძლებლობა ან განხორციელების ძალიან დიდი სიძვირე. შესაბამისად აეროპორტის მნიშვნელოვნად გაზრდა და განვითარება დამატებითი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია და ასე მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ აეროპორტს სჭირდებოდეს რელოკაცია.
TAV Georgia-ის მხრიდან 150 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება მეც დიდ ინვესტიციად მეჩვენება იმისათვის, რომ მერე აქედან გავიდნენ. ამიტომ, ალბათ ცოტა მოგვიანებით უფრო მეტი დეტალები გახდება ცნობილი. ალბათ მოიაზრებენ, რომ ეს აეროპორტი განვითარდეს რაღაც მოცულობამდე და თუ მეორე აეროპორტი იქნება, ის გადაიქცეს მეორე დამატებით აეროპორტად და არ ჩაანაცვლოს ერთმანეთი. ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე”,- ამბობს GASA-ს დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.




























